1777391077
არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს
არაბთა გაერთიანებული საამიროები „ოპეკ“ და „ოპეკ+“ შეთანხმებიდან გადის. არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობს ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას პირველ მაისს დატოვებს.
„სიენენის“ თანახმად, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება არაბთა გაერთიანებული საამიროების გრძელვადიან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ხედვას და მისი ენერგეტიკული სექტორის განვითარებას, მათ შორის შიდა ენერგიის წარმოებაში ინვესტიციების დაჩქარებას.
„ოპეკი“ არის ნავთობის მწარმოებელი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს წარმოების პოლიტიკას გლობალური ნავთობის მიწოდებასა და ფასებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
„როიტერის“ თანახმად, ეს არის მძიმე დარტყმა ნავთობის ექსპორტიორი ჯგუფებისა და მათი ფაქტობრივი ლიდერისთვის, საუდის არაბეთისთვის იმ დროს, როდესაც ირანის ომმა ისტორიული ენერგეტიკული შოკი გამოიწვია და გლობალური ეკონომიკა შეარყია.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების, „ოპეკ“-ის დიდი ხნის წევრის დაკარგვამ, შესაძლოა, არეულობა გამოიწვიოს და დაასუსტოს ჯგუფი, რომელიც, როგორც წესი, ერთიანი ფრონტის დემონსტრირებას ცდილობს, მიუხედავად შიდა უთანხმოებისა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკიდან დაწყებული, წარმოების კვოტებით დამთავრებული“, – წერს „როიტერი“.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა, სუჰაილ მოჰამედ ალ-მაზრუეიმ „როიტერს“ განუცხადა, რომ გადაწყვეტილება რეგიონული სახელმწიფოს ენერგეტიკული სტრატეგიების ყურადღებით განხილვის შემდეგ მიიღეს.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის თქმით, ეს საკითხი სხვა არცერთ ქვეყანასთან არ განხილულა. მაზრუეიმ განაცხადა, რომ სრუტეში არსებული სიტუაციის გამო ამ ნაბიჯს ბაზარზე დიდი გავლენა არ ექნება.
„როიტერის“ თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების „ოპეკ“-იდან გასვლა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვებაა, რომელმაც ორგანიზაცია ნავთობის ფასების გაბერვით „დანარჩენი მსოფლიოს მოტყუებაში“ დაადანაშაულა.











