ანტონიუ კოშტა აშშ-ის მხრიდან ევროპის პოლიტიკაში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აშშ-ის მხრიდან ევროპის პოლიტიკაში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს.

კოშტას განცხადებით, ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე“.

როგორც ევროპელი მაღალჩინოსანი განმარტავს, „აშშ ვერ ჩაანაცვლებს ევროპელი მოქალაქეების არჩევანს, რომელი პარტიაა მისთვის კარგი ან ცუდი“.

კოშტა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ვერ შეცვლის  ევროპის ხედვას გამოხატვის თავისუფლების მხრივ.

ანტონიუ კოშტას განცხადებით, შემაშფოთებელი ნიშანია ის ფაქტი, რომ რუსეთი მიესალმება ვაშინგტონის ახალ ხედვას, როგორც „მნიშვნელოვანწილად“ მასთან შესაბამისობაში მყოფს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც დიდი ნაწილი ეთმობა ევროპის თემებს. „ჩვენ გვსურს, ევროპამ უარი თქვას დამხშობ რეგულაციებზე წარუმატებელ ფოკუსირებაზე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დავეხმაროთ ევროპას ტრაექტორიის გამოსწორებაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროპაში ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნება“.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არ აისახება დიდწილად მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო“.