ანდრიუს კუბილიუსი - ტრამპი თუ არ დაარწმუნებს პუტინს მშვიდობის დამყარებაში, ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია, წარვადგინოთ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მშვიდობის სასარგებლოდ

ანდრიუს კუბილიუსი

ტრამპი თუ არ დაარწმუნებს პუტინს მშვიდობის დამყარებაში, ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია წარვადგინოთ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მშვიდობის სასარგებლოდ – უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდით, – ამის შესახებ ევროკომისარმა უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინას მიაწოდეს წელიწადში 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება.

„ჩვენ შეგვიძლია, დავხარჯოთ იგივე რაოდენობის თანხა უკრაინაში თანამედროვე იარაღის შესაძენად – რაც დაჯდება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში წარმოებულის დაახლოებით ნახევარი. ეს ეფექტიანად გააორმაგებს იარაღის რაოდენობას, რომელსაც უკრაინა იღებს, იგივე 40 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ. ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდამდე გაიზრდება. ახალი SAFE სესხები, რომლებსაც მხარს უჭერს ევროკავშირი, წევრ ქვეყნებს ზუსტად ამ შესაძლებლობას აძლევს: გამოიყენონ სესხები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაზრდელად. ამგვარად შეუძლია პრაქტიკაში მუშაობა ფორმულად „მშვიდობა ძალის გზით“. SAFE სესხები“ ნიშნავს სიძლიერეს უკრაინისთვის“, – წერს თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი.

SAFE – Security Action for Europe – „უსაფრთხოების მოქმედება ევროპისთვის „ არის ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტების მიცემას. ეს არის ევროკომისიის მიერ წარდგენილი „ევროპის გადაიარაღების გეგმის“ ნაწილი.