ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-სა და უკრაინას შორის ბოლო ორი დღის მოლაპარაკებებით კმაყოფილია – „სქაი ნიუსი“

მოლაპარაკებები

ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-სა და უკრაინას შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებებით კმაყოფილია, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც უცნობია, მედიას ამის შესახებ ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მედიის ცნობით, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული საკითხების 90% მოგვარებულია და რომ უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკებების მთავარ აქცენტს წარმოადგენს. ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, რუსეთი დაარწმუნოს, რომ უკრაინას მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები აქვს. ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი ღია იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. თუმცა, მისივე თქმით, ეს გარანტიები სამუდამოდ არ იქნება განხილული.

როგორც „სქაი ნიუსი“ აღნიშნავს, აშშ-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჯერ კიდევ არის განსახილველი საკითხები, თუმცა დონალდ ტრამპი პროგრესით კმაყოფილია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა უკრაინულმა მხარემაც. როგორც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი წერს, უკრაინა ბერლინში აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგ რეალურ პროგრესს მიესალმება. რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა. მისი თქმით, არის „რეალური პროგრესი“ და იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს.