ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

ალიევი და ფაშინიანი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შეხვედრისას მხარეებმა 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სამმხრივი სამშვიდობო სამიტის და ღონისძიების ფარგლებში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

გარდა ამისა, როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ალიევმა და ფაშინიანმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის, აგრეთვე აზერბაიჯანის გავლით სომხეთში მესამე ქვეყნიდან სხვა საქონლის იმპორტის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მიესალმნენ ბიზნეს საზოგადოებებს შორის კონტაქტების დამყარებასა და აზრთა გაცვლას.

მხარეებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მუშაობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, წერს მედია.

ალიევმა და ფაშინიანმა აგრეთვე დადებითად შეაფასეს კონტაქტები, რომლებიც ნდობის ფორმირებისკენ არის მიმართული, პარლამენტარების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და აღნიშნეს მათი როლი უფრო ფართო სამშვიდობო დღის წესრიგის მხარდაჭერის საქმეში.