ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა.
ალ ზავაჰირი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი უვნებლები გადარჩნენ და მოკლულია მხოლოდ ალ ზავაჰირი.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, ალ ზავაჰირიმ დატოვა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ მკვლელობისა და ძალადობის კვალი.
„ახლა სამართალი აღსრულდა და ეს ტერორისტი ლიდერი აღარ არის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, ოპერაციის მრავალთვიანი დაგეგმვის შემდეგ, მან მისი ჩატარების საბოლოო განკარგულება გასცა.
ზავაჰირიმ „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელობა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გადაიბარა და ის აშშ-ის მიერ ძებნილი ნომერ პირველი ტერორისტი იყო. მანამდე ის ბინ ლადენის მარჯვენა ხელად და ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ იდეოლოგად მიიჩნეოდა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვაში ოსამა ბინ ლადენთან ერთად. აშშ-ის ხელისუფლებას ზავაჰირის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 25 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი სჭირდება ამას, არ აქვს მნიშვნელობა, სად იმალები, თუ შენ ხარ საფრთხე ჩვენი ხალხისთვის, აშშ გიპოვის და გამოგიყვანს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზავაჰირის ჩადენილი ჰქონდა სხვა ტერაქტებიც, მათ შორის ადენში 2000 წლის ოქტომბერში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რასაც 17 ამერიკელი მეზღვაური ემსხვერპლა.
აიმან ალ ზავაჰირი 71 წლის იყო. მისი ლიკვიდაცია განხორციელდა აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ძალების გაყვანიდან თითქმის ერთი წლის თავზე. 2020 წელს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, მოძრაობა „თალიბანი“ იღებდა ვალდებულებას, რომ არ დაუშვებდა მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე „ალ ქაიდას“ ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფების მოქმედებას. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, „ალ ქაიდა“ და „თალიბანი“ დიდი ხნის მოკავშირეები არიან და აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „თალიბანმა“ იცოდა ქაბულში ზავაჰირის ყოფნის შესახებ.