ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინა კიდევ ერთი ომის მსხვერპლი ხდება

ტანკი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინა კიდევ ერთი ომის მსხვერპლი ხდება, – ამის შესახებ „თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, პენტაგონი უკვე ამუშავებს გეგმებს მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის უკრაინისთვის განკუთვნილი საჰაერო თავდაცვის რაკეტების ახლო აღმოსავლეთში გადასაადგილებლად.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰორმუზის სრუტეში არსწებული სიტუაციის გამო რუსეთმა საკუთარი ბუნებრივი რესურსების გამოყენებით მნიშვნელოვანი მოგება ნახა.

„ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა რუსეთს დღეში დამატებით 113 მილიონი ფუნტი სტერლინგის (150 მილიონი დოლარი) გაყიდვებს მოუტანს, ხოლო აშშ-ს მიერ სანქციების დროებითი შეჩერება კრემლს საშუალებას აძლევს, დაუყოვნებლივ გამოყოს ეს თანხები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსებას“, – აღნიშნულია სტატიაში.

„თაიმსის“ ჟურნალისტების თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო მარაგების დაკარგვა კიევისთვის ყველაზე აქტუალური და საგანგაშო საკითხია.

გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, დიდი ხანია, შეწყვიტა ამერიკული იარაღის რეგულარული მიწოდება, ამიტომ ნატო-ს ევროპელი წევრები ყიდულობენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების პროგრამის (PRIL) ფარგლებში და მას უკრაინას გადასცემენ.

„ეს პროგრამაც კი საფრთხის ქვეშაა უნგრეთის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის გამო. ფინანსები მალე მაინც ამოიწურება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს სამხრეთ ფლანგს თითქმის არაფერი შეაქვს მასში სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით“, – წერს გამოცემა.

„თაიმსი“ ასევე წერს, რომ დონალდ ტრამპს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუუარესდა.

„ირანთან ომის შედეგის მიუხედავად, ტრამპმა აშკარად დაკარგა მოთმინება მოკავშირეების მიმართ, დაკარგა ინტერესი უკრაინის მიმართ და ახლა ემზადება, კიევს შესთავაზოს უკრაინისთვის არასასურველი გარიგება, რომელიც გულისხმობს ყველა დაკარგული ტერიტორიის, ასევე კიევის მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების დათმობას. აშშ-სა და რუსეთს შორის ცალკე შეთანხმება ნატო-ს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ალიანსის დასასრულს ნიშნავს. ეს მოსკოვს გამარჯვებას მოუტანს“, – აღნიშნავს „თაიმსი“.

ჟურნალისტების აზრით, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ ეკონომიკური, კომერციული, კულტურული და ინსტიტუციური კავშირების ქსელისთვისაც