"ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული, ჩვენ ვდგავართ, რა თქმა უნდა, ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე" - ირაკლი ყანდაშვილი

ირაკლი ყანდაშვილი

იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაცია, აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს და თვლის, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ხელშეუხებლობას.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ყანდაშვილის თქმით, ადვოკატების დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება.

"გუშინ აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების საჯაროდ გახდომის შემდეგ, გარკვეული მოსაზრებები დაფიქსირდა საზოგადოებაში, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის და ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის რისკებთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხი გამორიცხულია. ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული. ჩვენ ვდგავართ, რა თქმა უნდა, ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.

რაც შეეხება იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებების პროექტს, ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საჯარო განცხადება. მე მქონდა კომუნიკაცია და მათ შორის ამ საჯარო განცხადებით მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, მოვითხოვეთ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა. დღეს კომუნიკაცია შედგა საქართველოს პარლამენტთან. მაქვს მოლოდინი, ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრის", -აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.