ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ფოტოზე ნაჩვენები გზა, ეკლესია და საუკუნოვანი ისტორიის შემნახველი წყლის წისქვილი გურიაშია გადაღებული და სოფელ აკეთს ეკუთვნის.
ამ გზაზე ასფალტი ნახევარ საუკუნეზე მეტია, არავის ახსოვს. გზის საფარი მოწესრიგდა და გაკეთდა ისეთ ადგილებში, სადაც ასფალტი არასდროს ყოფილა. ეს ისტორიული ამბავია!
ახლა, ეს რეაბილიტირებული, ნებისმიერი ავტომობილისთვის კომფორტული, დაგრეხილ ბაწარივით მოქნეული გზები სუფთა ჰაერზე, მწვანეში ჩაფლულ, ჩანჩქერების სიგრილეში, საქუხიას კანიონთან, წყლის წისქვილებთან მიგიპატიჟებთ, სადაც ყველაზე სტუმართმოყვარე გურულები გამოგეგებებიან, სუფრას უცებ გაგიშლიან, გემრიელად გაგიმასპინძლდებიან და მოგიყვებიან აქაურს და იქაურს, აქამდე უთქმელ და დაუჯერებელ ამბებს.
სანამ ოფიციალურ დეტალებს გაიგებთ ამ გზის შესახებ, მანამ პატარა ექსკურსიას მოგიწყობთ...
აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელში არის თიხნარი ნიადაგი. ამის საფუძველზე განვითარებული იყო მეთუნეობა.
XVIII საუკუნემდე სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეებს. 1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი.
აქ თუ გკითხავენ „ჩამოი? როის მიხვალ?“ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი სული აქვთ თქვენს წასვლამდე. პირიქით, ეს იმიტომ აინტერესებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პატივისცემა მოასწრონ თქვენს მიერ ნათქვამ დროში.
აქ მოისმენთ ამბავს, როგორ აიგო ტაძარი სოფელ აკეთსა და აცანაში. რომ ამ ტაძარში სასწაულმოქმედი ხატი ინახებოდა, აქ მოგიყვებიან ოსტატზე, რომლის ნაშენები ეკლესია, თვით თამარ მეფეს შეუქია.
ეს ის გზაა, რომელიც იმ მიწასთან მიგიყვანთ, რომლითაც პირველი თიხის ჭურჭელი გაკეთდა...
ეს ის გზაა, რომელიც იმ სოფელში მიგიყვანთ, სადაც პირველი ბიბლიოთეკა გაკეთდა...
გზა შუხუთიდან ადის, ჯერ ზემოაკეთს გაივლის, სადაც სხვადასხვა სოფლებისკენ იყოფა გზა. მარჯვნივ აცანისკენ, იქ საქუხიეს კანიონი და ტაბერნე გელოდებათ.
„ტაბერნე გურიაში-აცანა“ არის ადგილი, სადაც კესო ნამდვილ გურულ გემოებს გაზიარებთ, თან პატარა ექსკურსსაც ჩაგიტარებთ ეთნოგრაფიულ ექსპონატებს შორის.
მარცხნივ, რომანი თოხაძის ეზოს მიუახლოვდებით და იქ ჩასახვევთან გრუნტი გზა ცივ და ხმაურიან „კიბულასთან“ (ჩანჩქერი) ჩაგიყვანთ. კიბულას გაყოლებაზე, თოხაძეების საუკუნოვანი წყლის წისქვილია, ბამბუკების ულამაზესი ტყით... არაფერი სჯობს ცხელ დღეებში იქ ჩასვლას და მეგობრებთან ერთად გრილად მოლხენას.
კიბულაში რომ გაგრილდებით, ისევ ქვემოთ გააგრძელეთ გზა, რომელიც თამარის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ.
აკეთის მაცხოვრის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა. ტაძრის ასაშენებლად ბერძენი ოსტატები უშუალოდ თამარ მეფეს მოუწვევია. გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან მოწვეული ოსტატებისთვის ორი ტაძრის აშენების ბრძანება მიუციათ.
ერთი ტაძარი სოფელ აცანაში უნდა აეშენებინათ (ოქონის მონასტერი). მთავარი ოსტატი სოფელ აცანაში გადასულა ტაძრის ასაშენებლად, აკეთის მაცხოვრის ეკლესია კი მისი შეგირდისთვის მიუნდია. მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებია და შეგირდსავე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და მისი დავალებით შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრიათ. გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა.
როცა ამ ისტორიულ ეკლესიას მოილოცებთ, მერე გაგურისკენ გადაუხვიეთ, სწორედ აქ აშენდა პირველი ბიბლიოთეკა.
1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. ბიბლიოთეკის გახსნისთვის ისინი განიხილავდნენ ნაგომრის, ბახვისა და ჩოხატაურის ვარიანტებსაც, თუმცა საბოლოოდ აკეთი აირჩიეს. გლეხმა ნიკო ქურიძემ ბიბლიოთეკას საკუთარი სახლი ნახევარ ფასად მიჰყიდა. რადგანაც ბიბლიოთეკის მთავარი მისია სოფლად. გლეხობაში წიგნიერების გავრცელება იყო, ბიბლიოთეკის დამფუძნებლებმა შემოიღეს წიგნების ჩამოტარება სოფლებში. მათ სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა დასახლებებში მიჰქონდათ და ადგილზე აცნობდნენ მოსახლეობას. 1895 წელს ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315-მა დამიანმა ისარგებლა. მომდევნო ორ თვეში 200-მა მკითხველმა 600 გამოცემა გაიტანა წასაკითხად. მაზრისადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა.
გაგურის იქეთ ჭანჭათია, სადაც ასევე ტყის სიღრმეში ჩაკარგული ჩანჩქერი გელოდებათ და ამ ადგილს საკალმახია ჰქვია.
ამ სოფელში რომ მოხვდებით აუცილებლად მოიკითხეთ გურულების აჯანყების ამბავიც.
საქართველოში ყველაზე ცნობილი აჯანყება თუ რევოლუციური გამოსვლა (1841 წელს და 1905 წლის რევოლუციის დროს) გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონში მოხდა. გურიის ჯანყს ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. "ჯანყი გურიაში" თვითმპყრობელობისა და რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და მასში მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის - თავადაზნაურობის დიდი ნაწილიც მონაწილეობდა".
ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიების ინიციატივით თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული. დამნაშავეთა შეპყრობა აზნაურ როსტომ ჯაყელს დაევალა, მაგრამ მან გლეხებთან ვერაფერი გააწყო, იგი შეიპყრეს, ცალი წვერი მოპარსეს და სოფლიდან გააგდეს. ჭანჭათელმა გოგია ვადაჭკორიამ გავარვარებული რკინით დადაღა გადასახადების ამკრეფი.
აღნიშნულმა ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი "ფირალი", რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა გლეხებს კვლავ მოსთხოვა გადასახადების გადახდა. ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს და 22 მაისს (3 ივნისს) აჯანყება დაიწყო.
ივლის-აგვისტოში აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო - მასში 7200-მდე კაცი მონაწილეობდა. მღელვარებამ მოიცვა იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფელიც.
9 აგვისტოს აჯანყებულებმა გოგორეთის ბრძოლაში დაამარცხეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმი. მალე აჯანყებულებმა მთლიანად დაიკავეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, ოზურგეთ-ქუთაისის საკომუნიკაციო ხაზი, ოზურგეთისაკენ მიმავალი გზები და სხვა. მთავრობის ხელში მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი დარჩა. აჯანყებულებმა დაამარცხეს გურიის თავად-აზნაურთა და მთავრობის ჯარის დასახმარებლად მოსული სამეგრელოსა და იმერეთის თავად-აზნაურთა რაზმი. აჯანყებულთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა რჩევით, იმ მხრიდან დაარტყა აჯანყებულებს, საიდანაც ისინი არ ელოდნენ. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულების ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი გლეხი დაიღუპა.
კიდევ უფრო მეტი რომ გაიგოთ, „მაშ გარეკეთ ეს ცხენები...“ ცხენები კი არა და აუცილებლად ეწვიეთ ამ სოფლებს და არასდროს დაგავიწყდებათ სიცოცხლის სამოსახლო, ჩვენი პატარა გურია...
ისე გამიტაცა ძველი ისტორიების გახსენებამ სულ დამავიწყდა გზის ამბავი - მოკლედ, გზის რეაბილიტაცია ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული. ისევ გრძელდება და მშვენდება ჩემი სოფლის გზები. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება ამ ულამაზეს სოფელში.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ გზის რეაბილიტაციის ღირებულება საერთო ჯამში 4 108 888 ლარს შეადგენს.
რამდენჯერ ჰპირდებოდნენ გზას აკეთლებს. რამდენჯერ დაიწყეს და არ მიიყვანეს ბოლომდე. ახლა ეს გზა ამ ისტორიული სოფლის ისტორიული ნაწილია... მადლობა ყველას ვინც თქვა, დაიწყო და გააკეთა.
ნანა ჩხაიძე