1732563617
სისხლისფერი ცა საქართველოს თავზე - როგორ ხსნის ასტრონომი წუხანდელ მოვლენას
კვირას საღამოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იშვიათი ატმოსფერული ფენომენი შეინიშნებოდა - წითელი „ჩრდილოეთის ნათება“.
როგორც ირკვევა, 5-6 ნოემბერს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში შეინიშნებოდა წითელი კაშკაშა ნათება.
მოხდა ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი (Cr7 17:40 UTC), რომელიც დაკავშირებულია, რამდენიმე დღის წინათ, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევასთან.
მზეზე მომხდარი ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწაზე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი იყო, რის გამოც, "ჩრდილოეთის ნათება" (ციალი) ჩანდა ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდანაც.
ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა მოვლენა იყო ეს და რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის.
ჩვენ დავუკავშირდით, ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს.
„ჩრდილოეთის ციალს ვეძახით ჩვენ მას, იმიტომ, რომ ჩრდილოეთიდან ჩანს ყველაზე ხშირად.
როცა მზე არის აქტიური, ხდება ამოფრქვევები და ამ ამოფრქვევებისგან, წარმოიქმნება მაღალი ენერგიის ნაწილაკები, რომლებიც მოდიან დედამიწისკენაც და როდესაც მოაღწევენ, იწყებენ გეომაგნიტური ველების რყევას. ხან არის მწვანე, ცისფერი, წითელი. აი, ეს დავინახეთ ჩვენ.
ასეთი მოვლენები საქართველოში ადრეც ყოფილა დანახული. ცოტა მოუმზადებელი იყო ხალხი და შეშფოთდა. მაგრამ მეორე მხრივ, პოლარული ციალი საქართველოში იშვიათი მოვლენაა. ამჯერად, ის მთელ ჩრდილო ნახევარსფეროში იყო, ევროპაშიც, რუსეთშიც და ამერიკაშიც.
ეს ციალები ჩანს ხოლმე საქართველოშიც, თუმცა, პირადად მე, ასეთი მასშტაბური რომ ყოფილიყოს საქართველოში, არ მახსოვს. მოხდა კორონარული მასის ამოფრქვევა, რომელიც შეეტაკა ჩვენს მაგნიტო სფეროს, რამაც გამოიწვია მაგნიტური ქარიშხალი და გამოჩნდა ციალი.
ეს მოვლენა საფრთხეს არ წარმოადგენს. როცა მზე აქტიურია, მაშინ მზეზე ჩნდება ლაქები, აი, ამ ლაქების გარშემო მაგნიტური დაძაბულობაა ძალიან დიდი.
რა რისკები შეიძლება იყოს, ამ დროს?
გიორგი ჯავახიშვილის თქმით, პოლარული ციალი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის, რაც შეეხება მოვლენას, როცა მზე ძალიან აქტიურია და ხდება მაგნიტური ამოფრქვევა, ამ დროს, დედამიწაზე მატულობს სიკვდილიანობა, გულ-სისხლძარღვთა და მთელი რიგი დაავადებები, ასევე, ხშირია ავტოავარიები და მთელი რიგი მოვლენები.
მზის აქტივობაში, არის დადებითი მოვლენებიც. როცა მზე აქტიურია, ადამიანებს სიყვარულის სურვილი უჩნდებათ. ცხოველთა სამყაროზე მოქმედებს ძალიან დადებითად. უხვი მოსავალი მოდის და მთელი რიგი ასეთი მოვლენები, შეიძლება, ჩამოვთვალოთ. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ვირუსების აქტიურობა კლებულობს. 2019 წელს იყო მინიმუმი აქტივობა, როცა არცერთი ლაქა არ იყო მზეზე. სწორედ ამ დროს გაჩნდა COVID -19",- გვითხრა გიორგი ჯავახიშვილმა.
ასევე ნახეთ:
„იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის მეუღლეზე
VIDEO: ბენის სახალისო რეაქცია, როცა შეიტყო, რომ მამა მეორედ ხდება