1732386875
მეცნიერებმა დაბლოკეს ცილა, რომელიც კიბოების 75 პროცენტის გავრცელებას ხელს უწყობს
ცილა, სახელად MYC, ჯანმრთელი უჯრედის აქტივობის ნაწილია, მაგრამ როდესაც კიბო ვითარდება, ის მწყობრიდან გამოდის — იშლება მისი ნორმალური, ფრთხილი მაკონტროლებლის როლი და კიბოს გავრცელებაში ეხმარება. მეცნიერებმა სავარაუდოდ იპოვეს გზა, რომ ასე აღარ მოხდეს.
MYC-ის შეკავების პრობლემა ნაწილობრივ ის არის, რომ ის უფორმო ცილაა, არ გააჩნია სტრუქტურა, რომლის მიზანში ამოღებაც იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი პრეპარატებს MYC-ის ეფექტიან იდენტიფიცირებას ურთულებს, რათა ის ნორმალურად ქცევის ჩარჩოში დააბრუნონ.
თუმცა, რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCR) მკვლევართა ჯგუფმა შექმნა პეპტიდური ნაერთი, რომელსაც შეუძლია MYC-თან დაკავშირება და ურთიერთქმედება, რათა ის კონტროლქვეშ დააბრუნოს.
„MYC ნაკლებად ჰგავს კიბოს უჯრედების საკვებს, ის უფრო სტეროიდს ჰგავს, რომელიც კიბოს სწრაფად ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის MYC ადამიანის კიბოს შემთხვევათა 75პროცენტში დამნაშავე. ნორმალურ მდგომარეობაში, MYC-ის აქტივობა მკაცრად კონტროლირებადია. კიბოს უჯრედებში კი ის ჰიპერაქტიური ხდება და სათანადოდ აღარ რეგულირდება“, — ამბობს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი მინ სუე.
მკვლევრებმა MYC-ის მცირე ოდენობის სტრუქტურათა შესწავლა შეძლეს, რათა შეედგინათ იმ პეპტიდთა ბიბლიოთეკა, რომლებსაც ამ სტრუქტურასთან შეჭიდება უნდა შეეძლოთ. ერთი პეპტიდი, სახელად NT-B2R, განსაკუთრებით დახელოვნებული აღმოჩნდა MYC-ის გამორთვაში.
ტესტში, რომელშიც ადამიანის თავის ტვინის კიბოს უჯრედების კულტურა გამოიყენეს, NT-B2R-მა წარმატებით შებოჭა MYC-ი, შეცვალა მისი მრავალი გენის მიერ უჯრედების რეგულირების გზა და საბოლოოდ, შეამცირა კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმი და სწრაფი გამრავლება (პროლიფერაცია). ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, ვიღაცას რომ ხელები ზურგს უკან შეუკრა და მან ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლოს.
ამ გარღვევის მთავარი ნაწილი იყო ამავე ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ ჩატარებული წინა კვლევა, რომელშიც დაადგინეს, რომ პეპტიდების სტრუქტურისა და ფორმის შეცვლის შედეგად, ეს მოლეკულები უკეთესად ურთიერთქმედებენ ისეთ უფორმო ცილებთან, როგორიც არის MYC.
„პეპტიდებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ფორმა და პოზიცია. როგორც კი მოხრით და შეაერთებთ, რათა რგოლები წარმოქმნან, სხვა შესაძლო ფორმებს ვეღარ იღებენ, ამიტომ, ამის შემდეგ მათ შემთხვევითობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც ხელს უწყობს ცილების შებოჭვას“, — განმარტავს სუე.
მისი განცხადებით, მათ ამ პეპტიდების შებოჭვის უნარი წინა ვერსიებთან შედარებით ორჯერ გააუმჯობესეს, რამაც ის პრეპარატების შექმნის მიზანთან უფრო ახლოს მიიყვანა.
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ადრეული შედეგები უკვე იმედის მომცემია. ზუსტად ახლა, პეპტიდების მიწოდება ცხიმოვანი სფეროების, იგივე ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით ხდება, რომლებიც ნამდვილად არაა ხელსაყრელი პრეპარატების მისაწოდებლად. შესაბამისად, საჭიროა ამის შეცვლა.
ასევე საჭიროა მკაცრი ტესტირების ჩატარება ადამიანებზე. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ვიპოვეთ მეთოდი, თუ როგორ შევაჩეროთ ერთ-ერთი ის გზა, რომლითაც კიბო ჯანსაღ ბიოლოგიურ პროცესებს ეუფლება და სათავისოდ იყენებს გადასარჩენად.
„არსებითად, MYC წარმოადგენს ქაოსს, რადგან არ აქვს სტრუქტურა. ის და მისი პირდაპირი გავლენა მრავალი ტიპის კიბოზე, ნამდვილი წმინდა გრაალია კიბის წამლის შესაქმნელად. წარმოუდგენლად აღელვებული ვართ, რომ ის უკვე ჩვენს ხელთაა“, — ამბობს სუე.
კვლევა Journal of the American Chemical Society-ში გამოქვეყნდა.
ასევე წაიკითხეთ:
პომიდორის უნიკალური თვისებები - როგორ უნდა მივიღოთ პროდუქტი, რომ სასარგებლო იყოს