ფოტო: ჯეიმს ვების ტელესკოპი დაზიანებულ სარკეს გვიჩვენებს

ჯეიმს ვები

ბოლო დღეებია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და მის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი სურათები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამ ფოტოების შემხედველი, ვერც იფიქრებთ, რომ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის სარკე დაზიანებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასეა.

შეგახსენებთ, რომ 23-დან 25 მაისამდე პერიოდში ჯეიმს ვებს რამდენიმე მიკრომეტეოროიდი შეეჯახა, რაც მოსალოდნელიც იყო, თუმცა აქედან ერთი ობიექტი ზედმეტად დიდი აღმოჩნდა, და სარკის C3 სეგმენტს სამუდამო კვალი დაამჩნია. ახლახან NASA-მ ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა და სურათი გაასაჯაროვა, რომელიც ამ დაზიანებას გვიჩვენებს.

მსგავსი შეჯახებებით გამოწვეულ პრობლემებს ინჟინრები სარკეების გასწორების გზით აგვარებენ, თუმცა ზემოხსენებული ერთი მიკრომეტეოროიდის კვალი ასეთი მეთოდითაც გამოუსწორებელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მთლიანობაში ამას ტელესკოპზე უმნიშვნელო გავლენა აქვს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იშვიათი იქნება ვებისთვის ამგვარი, შედარებით მძლავრი შეჯახებები. იშვიათში ისინი რამდენიმე წელიწადში ერთხელ განმეორებულ მოვლენას გულისხმობენ. მეცნიერები მიკრომეტეოროიდებთან დაკავშირებულ საფრთხეებს განიხილავენ და პრობლემების მოგვარების ხერხებზეც მუშაობენ. ერთ-ერთია იმ დროის შეზღუდვა, რომლის განმავლობაშიც ობსერვატორია პირდაპირ ორბიტული ტრაექტორიისკენაა მიმართული, რაც მეტად საშიშია.

სარკეების ფუნქციონირება იმითაა განსაზღვრული, თუ რამდენად ამახინჯებს ის ვარსკვლავებისგან მომავალ სინათლეს. ამას მკვლევრები ტალღური ფრონტის ცდომილების საშუალო კვადრატული მნიშვნელობით ითვლიან. მისიის პირველ თვეებში ეს მაჩვენებელი 56 ნანომეტრი იყო (დანარჩენ სეგმენტებს შეესაბამებოდა), შეჯახების შემდეგ კი 258 ნანომეტრი გახდა. საბოლოოდ, სარკეების გასწორებამ ეს რიცხვი 59-მდე დაიყვანა, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება.

მეცნიერები ახლა ჰალეის კომეტის მტვერთან დაკავშირებული საფრთხეების მოდელირებას ცდილობენ, რადგან 2023 და 2024 წლებში ვებს სწორედ ამ ასტრონომიული სხეულის ნარჩენ ნაწილაკებში მოუწევს გავლა.

წყარო: on.ge