ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, მალე, შესაძლოა, პითონის ხორცით ჩანაცვლდეს

პითონი

ახალი კვლევის მიხედვით, მომავალში შესაძლოა, ფერმებში გაზრდილი პითონების ხორცით ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი ჩანაცვლდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ქვეწარმავლის მოშენება შედარებით ეფექტიანი და ეკომეგობრული იქნება.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პითონი, რომლის ხორცშიც ცილების მაღალი კონცენტრაცია და გაჯერებული ცხიმების დაბალი შემცველობაა, კომერციული ფერმების მოთხოვნებს კარგად ერგება. ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან, მომწიფებულობას სულ რაღაც 3 წელში აღწევენ და საკმაოდ ფერტილურები არიან, რადგან წელიწადში 100-მდე კვერცხს დებენ.

ბადისებრ და ბირმულ პითონებს აზიის ზოგიერთ რეგიონში საკვებად ისედაც აქტიურად იყენებენ. იმის გასაგებად, თუ რამდენად პრაქტიკულია მათი მოშენება, მკვლევრებმა ტაილანდსა და ვიეტნამში მდებარე 2 ასეთ ფერმაში მყოფი 4 600-ზე მეტი პითონი შეისწავლეს.

ისინი დიდი ზომის ფერმებში არიან, რომლებიც ნახევრად ღიაა, რათა გველები მათთვის ბუნებრივ ტემპერატურულ პირობებში იყვნენ. მათ ველურ გარემოში დაჭერილი მღრღნელებითა და სამეურნეო მარაგების ნარჩენებით კვებავენ. ზოგან ამ ცილოვანი ნარჩენებით ქვეწარმავლებისთვის სოსისებსაც კი ამზადებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ გველებს კვირაში ერთხელ აჭმევენ, ისინი ყოველდღიურად 46 გრამამდე იმატებენ. როცა ისინი 20-127 დღის განმავლობაში არაფერს იღებენ, რაც 61%-ში ხდება, მაინც ძალიან მცირე წონა აკლდებათ. ბირმული პითონებისთვის საკვებად მიცემული ყოველი 4.1 გრამის მეშვეობით მათი 1 გრამი ხორცი მიიღება, რაც ფერმის სხვა ცხოველების მაჩვენებელზე ბევრად ეფექტიანი შედეგია.

ამასთან, ცივსისხლიანი პითონების საშენებიდან ნაკლები სათბურის აირი იფრქვევა, ვიდრე თბილსისხლიანი ძროხების, ღორებისა და ქათმების ფერმებიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეწარმავლები ძალიან ცოტა წყალს სვამენ.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო პითონების კომერციული ფერმები შედარებით ეკომეგობრული და შედეგიანია. მეცნიერთა აზრით, ეს ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის შესაძლოა, ხორცის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს და საკვების კრიზისი შეარბილოს. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში ასეთი მასშტაბური ფერმები, სავარაუდოდ, ვერ მოეწყობა.

ასევე ნახეთ:

თუ კვირის ამ დღეს ვალს დააბრუნებთ, შეიძლება ახალი ვალის აღება მოგიწიოთ - კიდევ რას აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები

„შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა...“ - თურქეთის კლინიკაში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა