1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს 58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.
როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, მსახიობი ბოლო დროს მაღალ არტერიულ წნევას უჩიოდა. ამ მიზეზით ის 4 აპრილს სპექტაკლის სათამაშოდ ვერ გამოცხადდა.
უკანასკნელად ბესო 1 აპრილს იდგა სცენაზე. მან "ჭორიკანა ქალებში" ითამაშა, სპექტაკლის შემდეგ კოლეგებთან ერთად შინ წავიდა. გზად მხიარულად არჩევდა სპექტაკლის ამბავს და მომავალ გასტროლზე საუბრობდა...
მსახიობი ქეთი ქიტიაშვილი ერთ-ერთია, ვინც კოლეგა უკანასკნელად ნახა. "პრაიმტაიმის" მკითხველთან ის მეგობარს იხსენებს.
ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი.
ზაფხულში, როდესაც ამ სპექტაკლის რეპეტიციებს გავდიოდით, ადვილად იღლებოდა და წუხდა. სიცხეა და ამიტომ იღლები ადვილად-მეთქი, ვეუბნებოდი. ზაფხულში უფრო არ მომწონდა. მაგრამ ახლა, ბოლოს, ხომ გეუბნებით, მომეწონა მისი მხნეობა და თამაში. მშვენივრად არის, მთავარია თავს მიხედოს-მეთქი, კულისებში ვიდექი და ამას ვფიქრობდი. ეს იყო მისი ბოლო სპექტაკლი... ბოლოს "ჭორიკანა ქალებში" ითამაშა. დაუჯერებელი რამ მოხდა.
ჩემი მეზობელია, მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს. სპექტაკლის შემდეგ მანქანით ერთად მოვედით. ჯანმრთელობაზე არ დაუწუწუნია. ძალიან ხალისიანი იყო და სპექტაკლის შემდგომ ამბებზე გვქონდა საუბარი, ვიცინოდით, სამომავლო გასტროლზე ვსაუბრობდით. გადავიდა, აბა, ქეთუშ, პაკააო, კოცნა გამომიგზავნა და წავიდა. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი კონტაქტი. ამას როგორ წარმოვიდგენდი...
ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, თავში ხელებ წაშენილი დარბოდა, ძალიან გულჩვილი იყო. გოგა ოსეფაშვილი მისი მეჯვარე იყო და ძალიან განიცადა გოგას გარდაცვალება. ხშირად ახსენდებოდა.
მე და ბესო პარტნიორები ვართ 90-იანი წლებიდან, ახმეტელის თეატრიდან. შალვა გაწერელიას უსაყვარლესი მსახიობი იყო. ძალიან ნიჭიერი, სცენური და სიმპათიური იყო. მას ჰქონდა ის იშვიათობა - სიტყვის ძალა, რომელიც ქართულ თეატრში აღარ არის, მინავლებულია. სცენაზე წარმოთქმულ მის სიტყვას ჰქონდა ფასი. ეს იყო მისი ხიბლი, თან წაიღო კიდეც.
არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. მის გვერდით დაიმედებული იყავი სცენაზე, როგორც კლდე, ასეთი საიმედო იყო გვერდით.
"მგზნებარე შეყვარებულს" იშვიათად ვთამაშობდით, რახან შუახნის ასაკის კრიზისზეა. შესაბამისად, რახან იშვიათად გვიწევდა თამაში ვნერვიულობდით და ყოველი სპექტაკლის წინ რეპეტიციას გავდიოდით. ზოგჯერ რეპლიკა გვავიწყდებოდა და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რამ გაგაშტერა, რამ გაგადებილაო. ასე ვხუმრობდით ერთმანეთში. ბესო, შენი იმედი მაქვს-მეთქი, ყოველთვის ვეტყოდი, მე კიდევ შენიო, მეტყოდა და მომეხვეოდა. ეს არასოდეს დამავიწყდება. ამ რიტუალს აუცილებლად კულისებშიც გავაკეთებდით. ამ სპექტაკლში სამი ქალისა და ერთი მამაკაცის ისტორია თამაშდებოდა, ჩემი გმირი მესამე ქალი იყო და გასვლის წინ, ჩვენს რიტუალს აუცილებლად გავიმეორებდით.
ჩემთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაფერი უთქვამს. სიცოცხლისუნარიანი ტიპი იყო, არაპესიმისტური, აუზზე დადიოდა. ამიტომ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი მის წასვლას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება... გესაუბრებით და კიდევ არ მჯერა ეს ამბავი. საშინელება დაგვატყდა თავს...