დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
11 აპრილს ფილარმონიის სცენაზე გამართული ტელემარათონისას, ისეთი მუხტი ტრიალებდა, ომის შეჩერება რომ შეუძლია. ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები, ომის ქარცეცხლში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და ტყვიების, ჭურვებისა და ქვემეხების ბოროტ ხმას, ჯადოსნური ჰანგებით აღუდგნენ.
ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტში ლვოვის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. უფრო სწორად კი, ორკესტრის წევრი ქალბატონები, რადგან მუსიკოსი მამაკაცები დღეს ომში იბრძვიან და საზეიმო ფრაკის ნაცვლად, სამხედრო ჯავშანჟილეტები აცვიათ. მათი სკამები კი, ამ სოლიდარობის კონცერტ-მარათონზე, სევდიანად ცარიელი იდგა, ნიშნად იმისა, რომ მალე უნდა დადგეს მშვიდობის დრო, რათა ეს მებრძოლი მუსიკოსები, ისევ დაუბრუნდნენ საკონცერტო ცხოვრებას!
"ისეთ ამბებს მიყვებოდნენ რეპეტიციის შესვენებების დროს, რომ ძლივს ვაგრძელებდი მუშაობას, დირიჟორობას…" - ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი.
სოლიდარობის აქტს, შეუერთდნენ მუსიკოსები, ვინც ღამეებს ახლაც ბომბსაცავ ბუნკერებში ატარებენ...
ნიკოლოზ რაჭველი: დიახ, იქიდან მპასუხობენ ხოლმე, მუსიკალურ-საორგანიზაციო საკითხებზე რომ ვეხმიანები… ეს იმ ქალაქის ორკესტრი გახლავთ, რომლის ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა, რამდენიმე დღის წინ, რუსი არმიის მიერ ხელებშეკრულად დახვრეტილი მოხუცი დედ-მამა რომ მიაბარა მშობლიურ მიწას…
კონცერტში საოცარი მუხტი შემოიტანეს - გიორგი ცაგარელმა, რომელსაც "ჰერიო ბიჭებოს" შესრულებისას თვალზე ცრემლი მოერია, ბექა გოჩიაშვილმა, რომლის მისეულმა სილაღემ, სრულად მოიცვა დარბაზი, ლიზა რამიშვილმა, რომელსაც სახეზე აკრული ტკივილი ჩელოზე გადაჰქონდა. ნინო ქათამაძე თავისი ძლიერი ენერგეტიკით წინ ეღობებოდა ომის სისასტიკეს. ტელემარათონის წამყვანს, მსახიობ ნინო კასრაძეს ყელში ბურთი ეჩხირებოდა და ატირებულ, უკრაინელ თანაწამყვან, ვალერია გუზემასთან ერთად, სუსტი სქესის სიძლიერეს "ამტკიცებდა".
კონცერტზე იმღერა ჯამალამ, რომელიც საქართველოში ორ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ეს ის მუიკოსია, რომელმაც ომის დაწყებიდან მსოფლიო სცენები შემოიარა და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად 88 მილიონი ევრო შეაგროვა უკრაინის ჯარისთვის...
თეონა ჯორბენაძე: ჩემი საქართველო! საოცარი მაყურებელი მოვიდა დღეს ჩვენთან! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
მხარდასაჭერი კონცერტი "სუხიშვილების" მაგიურმა და ძარღვიანმა "ხორუმმა" დაასრულა, რა თქმა უნდა, უკრაინის დროშითა და რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებისგან დანგრეული დარბაზით...
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, საამაყო ჩელოისტი ქალიშვილის მოსასმენად დარბაზში არ ყოფილა, თუმცა კონცერტს უყურა და ემოციებს გვიზიარებს.
მიხეილ რამიშვილი: - მუსიკოსებს ყველაზე ძლიერად შეუძლიათ ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მაქსიმალურად გადმოსცენ. და გუშინდელ კონცერტში ეს ასეც იყო. ხელოვნებას უდიდესი ძალა აქვს, რომ ამ უბედურებაში დაბადებული განცდები გამოხატოს და ეს განცდილი ტკივილები საზოგადოებას გადასცეს. გუშინდელმა კონცერტმა ყველა ჩვენთაგანში უდიდესი ემოცია გამოიწვია. ასეთი თავისებური განცდის მატარებლები არიან მუსიკოსები.
მამაკაცები ომში იბრძვიან, ქალბატონები სცენიდან ახერხებენ ტკივილიანი განცდების გადმოცემას.
"სუხიშვილებმა" წარმოაჩინეს რამხელა ძალას აქვს ქართულ სულისკვეთებას, პატრიოტიზმს.
მუსიკოსები ისეთი ადამიანები არიან, რომ შეიძლება ემოციებს სიტყვიერად ვერ გამოხატავენ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ გუშინ და გუშინწინ ლიზა იყო ფრონტის ხაზზე. კონცერტის დროს ის იქ, ომის სამყაროში იყო და იმ ტკივილს იქიდან გადმოსცემდა.
სახლში ძალიან გვიან მოვიდა, მაგრამ ის ტკივილი ჰქონდა გამოყოლილი, რაც სცენაზე ტრიალებდა.
მზად არის უკრაინაში ჩავიდეს და იქ ჩაიტანოს ის ემოცია, რაც გუშინდელ კონცერტზე დაატრიალეს.
აღფრთოვანებული ვარ ამ კონცერტით. მადლობა ყველა მუსიკოს და მის ორგანიზატორებს.
დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ეს ბრძოლა სამართლიანად დასრულდება.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე