ძველ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

TBILISI

ძველ თბილისში, აბანოს ქუჩა N23-ის მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილზე შესრულდა ხარაჩოებისა და დამცავი ბადის მოწყობა, აივნების ხის დაზიანებული ელემენტების დაშლა/განახლება, გაწმენდა, შეკეთება და მონტაჟი. ასევე, შეიცვალა ხის საყრდენი დგარები და მოეწყო საყრდენები. სახლს მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჩაუტარდა, შეიღება ლითონის კონსტრუქცია და სახურავი სრულად შეკეთდა. ასევე, აივნებზე მოეწყო რიკულები. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ სახლს აქამდე არ ჰქონდა საწვიმარი ღარები, რის გამოც სახურავიდან მომდინარე წვიმის წყალი აივნის ხის ელემენტებს აზიანებდა. რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყო წვიმის წყლის გადასაყვანი ღარები, რითაც აივნის ელემენტები დაცული იქნება მომდინარე ნალექისა და შემდგომი დაზიანებისგან.

„აბანოს N23-ში მდებარე სახლი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი საცხოვრებლად უსაფრთხოა. ასევე, ვიზუალურად უფრო მშვენიერს ხდის მიმდებარე ტერიტორიას. ძველი თბილისის არსებული იერსახის შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, სახლს ავთენტიკურობა სრულად შეუნარჩუნდა“, - აღნიშნავს ბექა მიქაუტაძე.

პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 106 000 ლარი დაიხარჯა.