ჰანდე ერჩელი მიმართვას ავრცელებს
1774427644
ნაქალაქარი, რომელსაც პოტენციალი აქვს, გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი, - სწორედ ამ მიზნით, საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია - „ახალი სიცოცხლე სამშვილდეს“.
კამპანიამ სტარტი სამშვილდის ნაქალაქარში აიღო. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სპეციალურად მოწვეულმა მეგზურებმა - არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, მედიატურის მონაწილეებს საქართველოს უდიდესი ნაქალაქარი დაათვალიერებინეს და ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, რამდენიმე წლის წინ შექმნილ სამუშაო გეგმას, რომელიც სამშვილდის ნაქალაქარის ძლიერ ტურისტულ ცენტრად განვითარებას ითვალისწინებს.

კამპანიის მიზანი საზოგადოების ფართო ფენებისთვის სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიის, მისი დღევანდელი პრობლემებისა და ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობაა.
„ჩვენი კამპანიით, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს ითვალისწინებს, შევეცდებით, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ, ხელისუფლების ყურადღების კონცენტრირებასაც სამშვილდის პრობლემებზე. დღეს, კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ნაქალაქარის ცალკეული ნაწილები, ამიტომ, დროა, ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ მივმართავთ კულტურის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, ძეგლის ტურისტული პოტენციალის გამოყენების მიზნით, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარში ფართომასშტაბიანი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“, - აცხადებს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კამპანია „ახალი სიცოცხლე სამშვილდეს“ პირველი აქტივობა არ არის. ორგანიზაცია სამშვილდის ნაქალაქარს 2017 წლიდან იცავს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ხრამის კასკადი“ მდინარე ხრამის ხეობაში კასკადური ჰესების აშენებას გეგმავდა.
კომპანიასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მოიხსნა ჰესის ე.წ. მე-5 საფეხური, რითაც თავიდან იქნა აცილებული ძეგლის დაზიანების თუნდაც მცირედი რისკი. შემდგომში ორგანიზაციის აქტივისტები აქტიურად ითხოვდნენ სამშვილდის ნაქალაქარში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
2017–2019 წლებში მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით, სამშვილდეში არქეოლოგიური ექსპედიციის სამუშაოებს კომპანია „არემჯი“ აფინანსებდა.
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრებს იმედი აქვთ, რომ ძეგლის ტურისტული პოტენციალის გამოყენების მიზნით, სამშვილდის ნაქალაქარში ფართომასშტაბიანი სამუშაოების განხორციელებაზე, მსჯელობა დაიწყება.
ამავე თემაზე:
„სამშვილდის ნაქალაქარი უნდა გადარჩეს“ - მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის განცხადებას ავრცელებს
