1732386875
ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული კაცი - ცხინვალში დაჭრილი 5 წლის ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს
28 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს ახალგაზრდა კაცს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაიჭრა მოკლულის 5 წლის შვილი, რომელიც თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა, ბავშვი წუხელ, ღამის 3 საათზე, ორ თანმხლებ პირთან ერთად რეანიმობილით თბილისში გამოიყვანეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „რესს“ ადგილობრივი საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგმა ლუიზა ჯიოევამ უთხრა, რომ მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.
"ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონს მოვიდა და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა. წუხელ, ყველა საჭირო დახმარების შემდეგ, მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ჯიოევამ.
მისივე თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო, ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, დაზიანებული იყო ღვიძლი და ნაწლავები, გარდა ამისა, მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა წინამხრის ძვლები.
"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში" განაცხადეს, რომ ბავშვი გამოჯანმრთელებამდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დარჩება და ამის შემდეგ ისევ "წითელი ჯვრის" დახმარებით გადაიყვანენ ცხინვალში.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. მოკლული ცხინვალის მცხოვრები, 36 წლის რიჩარდ მამიევია. არსებული ინფორმაციით, მოკლულს და მკვლელს დავა ბიზნესწილების გამო ჰქონდათ.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილიციის განყოფილებაში მკვლელობის აღიარებით გამოცხადდა ხარებოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
„მსროლელის ვინაობა დადგენილია, ეს არის ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, მკვლელობის მიზეზი მტრული ურთიერთობები იყო", - განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა.
დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.