ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც კასპში ყოფილ ცოლს სასტიკად გაუსწორდა - შემზარავ დანაშაულზე ადგილობრივები საუბრობენ

დამწვრობის ცენტრი

კასპში, ე.წ. მირიანის ბინებში, კაცმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით კაცი ადგილიდან მიიმალა. პოლიცია დანაშაულში ბრალდებულს ეძებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ ბურდულმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა. მათივე თქმით, თავდაპირველად ქალს დახმარება მეზობლებმა გაუწიეს. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები მივიდნენ. ქალი ახლა დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეზობლების თქმით, ქალს კაცმა მჟავა შეასხა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.

„რომ დავინახე, გავიქეცი, რა მექნა არ ვიცოდი. ანთებული მაშხალასავით ესროლა რაღაც ნივთი. იმ წუთში მოედო ცეცხლი. იქვე ქვიშა იყო, ვაყრიდი, მერე უცებ მოვიფიქრე, სახლში ფარდა ჩამოვხსენი და ის გადავაფარე. შემზარავი სანახავი იყო. ხუთი წუთი ეკიდა ცეცხლი სახეზე. მერე მეზობელმა ხალიჩა ჩამოაგდო, დავაფარეთ ყველაფერი და როგორც იქნა ჩავაქრეთ...“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, ქალი გაშორებული იყო.

„უთანხმოება ჰქონდათ. არ ურიგდებაო და იმიტომ იქცევა ასეო. ხელები, სახე, ყველაფერი დამწვარი აქვს... უკარგესი გოგოა. ძალიან კარგი, ნამდვილად“,- ამბობენ ადგილობრივები.