„შავ სიაში“ შეყვანილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ უკრაინის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა - დაბრუნდება თუ არა „პრინცი“ საქართველოში

კანონიერი ქურდი

„შავ სიაში" შეყვანილი ქართველი "კანონიერი ქურდი" უკრაინის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. თბილისში, პაატა ჩხარტიშვილის ახლობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდი" ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პატიმრობიდან გათავისუფლებულ "კრიმინალურ ავტორიტეტს" ქვეყნიდან მაინც გააძევებენ, თუმცა რა მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო, ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისში დაბრუნებას არ აპირებს.

51 წლის პაატა ჩხარტიშვილი, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ზელენსკის "შავ სიაშია" შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყნის დატოვება მოუწევს.

ზაპოპროჟიის საქალაქო სასამართლომ, ჩხარტიშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სრულიად მოულოდნელად სააპელაციო სასამართლომ, ქართველი "კანონიერი ქურდი" დარბაზიდან გაათავისუფლა და ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

პაატა ჩხარტიშვილს კრიმინალურ წრეებში "პრინცის" მეტსახელით იცნობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ის სრულად აკონტროლებდა ზაპოროჟიისა და უკრაინის სხვა დიდი ქალაქების კრიმინალურ დაჯგუფებებს. მისი გავლენები ძირითადად ძვირფასი მეტალის მომპოვებელ საწარმოებზე ვრცელდებოდა. უკრაინული მედია წერს, რომ პაატა ჩხარტიშვილი იგივე პრინცი იმ სანქცინირებულ კრიმინალებს შორისაა, რომელთა ქონება რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს.