შანტაჟი და ფულის გამოძალვა - დაზარალებულს და მის მეგობარ გოგოს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით ემუქრებოდნენ

ფულის გამოძალვა

კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობისთვის გასესხებული ფულის გამო დაწყებული შანტაჟი - ჯგუფის წევრები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგოს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით ემუქრებოდნენ.

ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის, პოლიციამ ხელბორკილები 3 პირს დაადო.

მათი ვინაობა „კურიერმა“ გაარკვია - გიორგი ლაგვილავა, ლევან არძენაძე და ნიკა ცეცხლაძე - გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს სძალავდნენ.

დაპირისპირება, მხარეებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდებულმა, გიორგი ლაგვილავამ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობისთვის 47 000 დოლარი ასესხა, მალევე კი ნასესხებზე მეტი თანხის, 150 000 დოლარის დაბრუნება მოითხოვა. დაზარალებულისგან უარის შემდეგ კი ფინანსურ დავაში, ლაგვილავამ, ლევან არძენაძე და ნიკა ცეცხლაძე ჩართო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგოს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც ემუქრებოდნენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ სამართალდამცველებს დახმარებისთვის თავად მიმართა. გიორგი ლაგვილავა, ლევან არძენაძე და ნიკა ცეცხლაძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაზარალებულს საჯაროდ გამოჩენა არ სურს, „კურიერთან“ მისი ინტერესების დამცველმა ისაუბრა.

განსხვავებულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, დაკავებულების ადვოკატმა.

გიორგი ლაგვილავა, ლევან არძენაძე და ნიკა ცეცხლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ისინი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათთვის წარდგენილი ბრალი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვრცლად, ნახეთ, „კურიერის“ სიუჟეტი