„როგორც ჩანს, პატარა დედისგან თავის დაღწევას ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდა..." - დაუჯერებელი დეტალები

მაგდა პაპიძე

2015 წლის 20 დეკემბრის ღამეს, თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მეზობლებს განწირული კივილი შემოესმათ. კორპუსში მცხოვრებლებმა მაშინვე დარეკეს სასწრაფოში. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი პირები მამა-შვილი გახლდნენ. შველას ითხოვდა მაგდა პაპიძეც, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლე და შვილის გვამი პირველმა აღმოაჩინა.

ამავე დღეს დაიწყო გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

ადგილზე მისულ პოლიციას საზარელი სანახაობა დახვდათ - სადარბაზოსთან მდგომი ავტომანქანის გვერდით მოკლული 27 წლის ომარ ქაფიაშვილის გვამი იწვა. მანქანაში, სავარძლებს შორის არსებულ სივრცეში კი ხუთი წლის ბავშვის უსიცოცხლო სხეული ნახეს. ამავე დღეს დაიწყო გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

გარდაცვლილ მამაკაცს თავის არეში აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. სისხლმდენი ჭრილობის გამო, მას თავის ქალა ფაქტობრივად დეფორმირებული ჰქონდა. 5 წლის თორნიკეს კი მარცხენა ყურის უკან ჰქონდა მცირე ზომის დაზიანება. ექსპერტებმა აღმოაჩინეს მამაკაცის ზურგზე არსებული იარაც, რაც გვამის შემთხვევის ადგილიდან გადაადგილებაზე მეტყველებდა. მის სხეულზე არსებული დაზიანებები იძლეოდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილას დიდი რაოდენობით სისხლი უნდა ყოფილიყო. გვამების დათვალიერების შედეგად ცხადი გახდა, რომ ომარ ქაფიაშვილის და მისი 5 წლის შვილის მკვლელობის ადგილი ფერაძის ქუჩის 6 ნომრის ეზო არ უნდა ყოფილიყო. საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ ზამთრის სუსხიან ამინდში იმ პერიოდისათვის ორივე გვამს ეცვა ამინდისთვის შეუფერებელი, თხელი ტანსაცმელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ომარ ქაფიაშვილს არ ეცვა ფეხსაცმელი.

მაგდა პაპიძის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქაფიაშვილმა 19 დეკემბერს საღამოს საათებში შვილი სასეირნოდ წაიყვანა, რის შემდეგაც ისინი ცოცხლები აღარ დაბრუნებულან. გამომძიებლები აღნიშნავდნენ, რომ ქალი გამოკითხვის დროს არ გამოხატავდა ემოციებს, რამაც პოლიცია გააკვირვა. ქალი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ასახელებდა გარდაცვლილი მეუღლის ვალებსა და გარკვეულ პირებთან დაპირისპირებას.

საბედისწერო დღე მამა-შვილისთვის ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. სამსახურიდან დაბრუნებული ომარი ტელევიზორთან წამოწვა და ტელევიზორს უყურებდა. 20:30 საათისთვის მაგდა იმავე კორპუსში მცხოვრებ დედამთილთან - დარეჯან მინდიკაურთან სარეცხის გასარეცხად შევიდა. ქალმა შვილისა და შვილიშვილის მოკითხვის შემდეგ გაიგო, რომ ისინი სასეირნოდ იყვნენ გასულები, რითაც მაგდამ ისარგებლა და სახლის დალაგება გადაწყვიტა. მინდიკაური აღნიშნავდა, რომ ომარი საკმაოდ დაღლილი იყო და დაძინებას აპირებდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაგრამ რამდენიმეჯერ შევიდა დედამთილის სახლში. ხან ცხელი წყლით სავსე ჩაიდანს ეზიდებოდა, ხან სარეცხი შეჰქონდა, ხან კი იატაკის ტილოს რეცხავდა. ამ პერიოდში მინდიკაურმა არაერთხელ სცადა შვილთან დარეკვა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქაფიაშვილს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მაგდამ დედამთილს 02:30 საათზე აცნობა, რომ ომარმა მას დაურეკა და მანქანით გამოვლა სთხოვა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ქალს რძლის ყვირილი მოესმა. ბინიდან გამოსულ მინდიკაურს შვილი და შვილიშვილი გარდაცვლილი დახვდა. ქალის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ომარ ქაფიაშვილის გვამი უკვე ძალიან იყო გაციებული, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მინიმუმ რამდენიმე საათის მოკლული უნდა ყოფილიყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტარდებოდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და გრძელდებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სისხლის კვალი სადარბაზოდან იწყებოდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასეთი კვალი ადამიანის გათრევის შედეგად უნდა ყოფილიყო დატოვებული. ნაკვალევმა ექსპერტები ქაფიაშვილების საცხოვრებელი ბინის კარამდე მიიყვანა. უცნაურია, რომ ზღურბლს იქით ბინაში სრული წესრიგი იყო. მოგვიანებით, დეტალური დათვალიერებისას, ბინაში მცირე რაოდენობით სისხლი იქნა აღმოჩენილი. გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობას. ექსპერტებმა გამოიყენეს სპეციალური ქიმიური საშუალება, რომელიც სისხლის შემავალ ჰემოგლობინთან რეაქციაში შედის და სპეციალურ ნათებას იძლევა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ხსნარის დამუშავების შემდეგ თითქმის მთელი ოთახი განათდა. შეგახსენებთ, რომ ხილული კვალი ბინის ზღურბლთან წყდებოდა, ხსნარის გამოყენების შემდეგ კი გაცოცხლდა ის რეალური სურათი, რომლის დასაფარავად დამნაშავემ ყველაფერი გააკეთა. პაპიძის მონათხრობს სრულიად აბათილებდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებები, ვინაიდან აშკარა იყო, რომ მკვლელობის ადგილი სწორედ ქაფიაშვილების საცხოვრებელი ბინა გახლდათ.

პაპიძე გასაუბრებისას იძახდა, რომ მეუღლის წამოსაყვანად გამოსულს, სიბნელეში ბინის კარებთან რაღაცაზე ფეხი წამოედო, რის შედეგადაც წაიქცა და მეუღლისა და შვილის გვამებს დაეცა. მაგდას მეუღლე ნასვამი ეგონა, თუმცა, როგორც თავად თქვა სამეზობლოს შველა მაინც სთხოვა. ქალმა ბავშვი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა, ომარის სხეულს კი ვეღარ მოერია.

დარეჯან მინდიკაური განმეორებით გამოჰკითხეს. ქალმა გაიხსენა, რომ როდესაც მაგდა ლურჯ გადასაფარებელს მის სარეცხ მანქანაში რეცხავდა, წყალმა წითელი ფერი მიიღო.

უკვე ყველა ჩვენება თუ მტკიცებულება იმაზე მიანიშნებდა, რომ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელი მაგდა პაპიძე უნდა ყოფილიყო.

მალევე დადგინდა, რომ პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. 20 დეკემბერს, ღამის 02;30 საათისთვის,  მისი სატელეფონო ნომრიდან გამავალი ბოლო ზარიც სწორედ ამ მამაკაცთან ფიქსირდებოდა. სწორედ იმ დროს, როდესაც მან საცხოვრებელი სახლის ეზოდან დახმარება ითხოვა. მეტიც, იმ ადამიანებს შორის, რომლების ფერაძის 6 ნომერში იყვნენ შეკრებილნი, თავადაც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას. აღსანიშნავია, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ყველაფერი დეტალურად მოყვა. მან პაპიძესთან სასიყვარულო ურთიერთობა დაადასტურა და მეტიც, პოლიციას აცნობა, რომ საბედისწერო დღემდე რამდენიმე ხნით ადრე, ქაფიაშვილისთვის ცნობილი გახდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რის გამოც, მაგდამ საყვარელ მამაკაცს ომარის "თავიდან მოშორება" შესთავაზა. მამაკაცს შეთავაზება სერიოზულად აღუქვამს, თუმცა, აშკარაა, რომ მაგდა უკვე გეგმავდა მეუღლის მკვლელობას. კაცმა გამოძიებას სატელეფონო მიმოწერები გადასცა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელი გახლდათ. პოლიციამ გამორიცხა თანამზრახველობის ვერსიაც, ვინაიდან, მამაკაცს უტყუარი ალიბი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პიროვნებისგან მოხდა ნიმუშების აღება. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული და მოწმისგან აღებული ნიმუშები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

გამოკითხვების პარალელურად მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. სახლთან ახლოს მდგომი ნაგვის ურნიდან ამოღებულ იქნა სისხლიანი ხელსახოცები. პოლიციამ დაათვალიერა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა ურნდა. საბოლოოდ კი მათ აღმოაჩინეს სახლიდან გატანილი, პოლიეთილენის პარკში ჩადებული და მწებავი ლენტით გადახვეული სისხლიანი საყოფაცხოვრებო ნივთები: თეთრეული, ტანსაცმელი, გარდაცვლილი ბავშვის ფოტოები, სახატავი რვეულები და ფლომასტერები. ექსპერტებმა ასევე ამოიღეს ურო, რომელზედაც აღინიშნებოდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის კვალი. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ურო პაპიძემ 19 დეკემბერს შეიძინა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკითხა მაღაზიის თანამშრომელი, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა და ხსენებული ურო მის მიერ მარკერით გაკეთებული წარწერით ამოიცნო. ამასთან ერთად, მოხდა მაგდა პაპიძის ფოტოსურათით ამოცნობაც. მისი თქმით, პაპიძე ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, რაც სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალითაც დასტურდება.

უროს ტარზე აღმოჩენილი იყო მაგდა პაპიძის გენეტიკური პროფილი და ომარ ქაფიაშვილის სისხლი.

ქალი მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ იმ საღამოს ქაფიაშვილი გარეთ საერთოდ არ გასულა და შესაბამისად, მაგდასთვის მანქანით გავლაც არ უთხოვია. იმ დროისთვის, როდესაც პაპიძე დედამთილთან სარეცხის გასარეცხად შედიოდა, მას უკვე მოკლული ჰყავდა ქმარ-შვილი. დადასტურდა, რომ მაგდამ ომარ პაპიაშვილს მაშინ ჩაარტყა თავში ურო, როდესაც მამაკაცს ეძინა. მამის სიკვდილიდან მალევე კი 5 წლის თორნიკე ასფიქსიით გარდაიცვალა. ექსპერტიზამ ბავშვის ფრჩხილებში არსებული მაგდას მაისურის ბოჭკოებიც აღმოაჩინა. როგორც ჩანს, პატარა ბავშვი დედისგან თავის დაღწევას ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდა.

გამოძიების პროცესში ნანახი იქნა მაგდა პაპიძის მიერ წარმოებული ხელნაწერი დღიური, სადაც დეტალურად იყო აღწერილი დანაშაულის გეგმა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელნაწერი ნამდვილად პაპიძეს ეკუთვნოდა.

დაახლოებით 9 საათისთვის მაგდამ ბინის დალაგება დაიწყო. 02:30 საათზე კი მაგდამ მანქანა დაქოქა და სადარბაზოს იმ გასასვლელამდე მიიყვანა, საიდანაც მისი და დედამთლის ბინა შედარებით მოშორებით იყო. მანქანაში პირველ რიგში ბავშვი ჩასვა. შემდეგ კი ომარის გვამის გამოთრევა დაიწყო. მანქანამდე მიყვანილი ომარის გვამის ჩასმა მანქანაში ვეღარ მოახერხა, რადგან მამაკაცს გვამური გაშეშება ეწყებოდა. აღნიშნულის გამო, მაგდამ მაშინვე ყვირილი დაიწყო და მეზობლებს შველა თხოვა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ომარ ქაფიაშვილი ქალა ტვინის დაზიანებით, ხოლო პატარა თორნიკე კი ასფიქსიით გარდაიცვალა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ კი მას უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

წყარო - პოლიციის ფაილები

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მახსოვს მისი აგრესია... თოკოზე იყინებოდა...ემოცია 0!..." - იურისტის სკანდალური ჩანაწერები საუკუნის სასამართლო პროცესიდან

ტელეფონი ჰქონდა ხელში...დარტყმის დროს გაისროლა... - ოჯახი ავარიის დროს დაღუპული გოგოს ტელეფონს ეძებს

„მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს...“ - ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს