„მითვლიდნენ, ქუჩაში ნუ გამოდიხარ, ვღიზიანდებითო...“ - კახეთში გუშინ მოკლული მამაკაცის მეუღლე

რეგიონი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოკლული მამაკაცის ოჯახი მკვლელობის კიდევ ორ მონაწილეს ასახელებს.

გარდაცვლილი ლევან იაგანაშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ მისი ქმრის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ოჯახის კიდევ ორი წევრი მონაწილეობდა.

ქეთევან იაგანაშვილი ამბობს, რომ შემთხვევამდე, მის მეუღლეს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

„ყველაფრის მიზეზი, ეჭვიანობა გახდა. მანამდე ემუქრებოდნენ, რას არ გვითვლიდნენ. პირადად მე, მითვლიდნენ, ქუჩაში ნუ გამოდიხარ, ვღიზიანდებითო. ორი დღის წინ მომიცვივდნენ სახლში, კარზე მიბრახუნებდნენ, ჩემი მეუღლე არ იყო სახლში. ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდოდა, მაგათ გამო. ჩემმა მეუღლემ, პოლიციაში განცხადებაც შეიტანა. დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს. გუშინაც გაუგიათ, რომ საქეიფოდ წავიდა და იქ მიუცვივდნენ, დასერილია, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული. მე ვიცი, რომ იქ, იმ ბიჭის მამა და შვილიც იყვნენ. იქ მყოფები აშველებდნენო, მაგრამ ამდენი ჭრილობა როგორ აქვს. ვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ“, - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

მკვლელობის ბრალდებით, სამართალდაცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.


შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, გუშინ, ღამით მოხდა.

შემთხვევის შედეგად, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, 47 წლის ლევან იაგანაშვილი გარდაიცვალა.