,,მაგას და მამამისს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ... ვერ იტან­და, რომ..." - რას ამბობს, სავარაუდოდ, მამის მიერ გაუპატიურებული გოგოს ბებია

ძალადობა

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი 11 ივლისს დააკავა, ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

მოზარდის ბებია უარყოფს გაუპატიურების ფაქტს, თუმცა არ უარყოფს, რომ მოზარდს მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან მამა ალკოჰოლდამოკიდებული იყო.

ბებია, რომელიც შვილიშვილს 13 წლის განმავლობაში უმეტესად მარტო ზრდიდა, დღეს, შვილის უდანაშაულობას ამტკიცებს. ამავე დროს „კურიერს“ თავად უყვება, რომ მისი შვილი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ამ მიზეზით კი, მამა-შვილს კონფლიქტი არაერთხელ მოსვლიათ.

„დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ასეთი რამ. ჩხუბისგან სულ გოგოებს იცავდა, სულ ჩხუბობდა. წარმოიდგინეთ, თავის შვილს შეურაცხყოფას მიაყენებდა? მაგას და მამამისს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ეგ ვერ იტანდა მამამისი რომ სუნავდა აცეტონს და რაღაცას,“ - აცხადებს ბებია.

მოზარდმა მამის მხრიდან ძალადობის შესახებ თანაკლასელს უამბო. სამართალდამცველებსაც პირველმა ინფორმაცია გოგონას მეგობარმა მიაწოდა. არასრულწლოვანმა ჩვენებაშიც იგივე გაიმეორა, რაც კლასელს უთხრა. სექსუალური ძალადობის ისტორიამ სამეზობლო შეძრა, თუმცა ამბის დაჯერება მათაც უჭირთ.

მოზარდი გოგონას დედა ცალკე ცხოვრობს. კურიერის ინფორმაციით მას შვილთანაც მინიმალური კონტაქტი ჰქონდა. არასრულწლოვანის რთულ და პრობლემურ საყოფაცხოვრებო პირობებზე იცოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. გოგონასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ და თავშესაფარშიც ამჯერად მათ გადაიყვანეს.

შვილზე სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში მშობელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ეს მამისთვის უკვე მეოთხე სასჯელი იქნება, რადგან მამაკაცი სამჯერ უკვე არის ნასამართლევი და საპატიმროც ბოლოს რამდენიმე თვის წინ დატოვა.

ასევე ნახეთ:

შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები - მამის მიერ გაუპატიურებული მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია

VIDEO: სკანდალის შემდეგ, მეუფე შიო საჯაროდ გამოჩნდა

VIDEO: როგორ მოვიქცეთ, როცა მეუღლის ღალატის შესახებ ვიგებთ - ბრიტანელი ფსიქოლოგის რეკომენდაცია