იძებნება განზრახ მკვლელობისთვის - თვითმხილველის თქმით, დამნაშავე მუნიციპალურ ავტობუსში ავიდა და მიიმალა

პოლიცია

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც ჯავის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი მოკლა.

თავდამსხმელმა ორი ტყვია გაისროლა და მამაკაცი, რომელიც ამ დროს ველოსიპედით გადაადგილდებოდა, სასიკვდილოდ დაჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დამნაშავე მუნიციპალურ ავტობუსში ავიდა და მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

50 წლამდე მამაკაცი თბილისში, ჯავის ქუჩაზე გუშინ მოკლეს. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია იმ დროს ესროლა, როცა ქუჩაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა. .

მოკლული მამაკაცი 46 წლის ბონდო კისიევია. გავრცელებული ინფორმაციით, ის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, ისევე როგორც სავარაუდო თავდამსხმელი. მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელი სამიზნეს სახლთან წინასწარ უთვალთვალებდა.

თავდასხმის შემდეგ ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ბონდო კისიევის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამაზე ახლობლები ღიად არ საუბრობენ, თუმცა არ მალავენ, რომ კისიევი წარსულში სხვადასხვა კონფლიქტში იყო ჩართული.

ჯავის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები და საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.