ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1753464534
რამდენიმე გავრცელებული ვაქცინა კოგნიტიური უნარების დაქვეითებისგან გვიცავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ შეუძლია მედიკამენტს ასეთი ეფექტის გამოწვევა, მაგრამ მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ამ მექანიზმს. ორი ტიპის ვაქცინაზე ჩატარებული ახალი კვლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს და შესაძლოა, ამ საიდუმლოს ამოხსნაშიც დაგვეხმაროს.
მასშტაბური კვლევის მიხედვით, შესაძლოა ჰერპესისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინები დემენციისგან გვიცავდეს. ამ კვლევაში 130 ათასამდე აშშ-ის მოქალაქე მონაწილეობდა. მსგავსი შედეგი გრიპის ვაქცინის შემთხვევაშიც დაფიქსირდა, მაგრამ ეს ორი ვაქცინა დემენციის წინააღმდეგ გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა.
ხანდაზმულებისთვის ორივე ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია და ორივე მათგანი AS01 ადიუვანტს შეიცავს. ადიუვანტი დამხმარე ნივთიერებაა, რომელსაც ვაქცინებს იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის უმატებენ.
იმის გამო, რომ დემენციასთან კავშირი ვაქცინის გაკეთებიდან მალევე გამოიკვეთა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეფექტის მიზეზი უბრალოდ ვირუსისგან დაცვა იყოს. როგორც ჩანს, ვაქცინამ დამოუკიდებლად, იმუნური სისტემის გავლით დემენციის რისკის შემცირება შეძლო.
გრიპის ვაქცინასთან შედარებით, ჰერპესის ვაქცინამ დემენციის რისკი 18%-ით, ხოლო RSV ვაქცინამ 29%-ით შეამცირა. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებმაც ორივე ვაქცინა გაიკეთეს, ამ შემთხვევაში კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკმა 37%-ით დაიკლო.
„აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ვაქცინა დემენციისა და ზოგადად კოგნიტიური უნარების დაქვეითებისგან ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით გვიცავს", - წერენ კვლევის ავტორები.
გამოდის, რომ გარკვეულმა ვაქცინებმა შესაძლოა დემენციისგან დაცვა იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვანი მექანიზმების ამოქმედების გზით შეძლოს. ეს დასკვნა ამყარებს ახლად გაჩენილ ჰიპოთეზას, რომ დემენცია სინამდვილეში არა ტვინის დაავადება, არამედ ტვინში არსებული იმუნური სისტემის მოშლილობაა. შესაძლოა, ვაქცინებს ამ სისტემის აღდგენა შეუძლია, მაშინაც კი, თუ კონკრეტული ვაქცინის სამიზნე ვირუსი არ შეგვეყრება.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რამდენიმე გავრცელებულ ვირუსთან კონტაქტმა შესაძლოა, მომავალში კოგნიტიური დაქვეითების რისკის ზრდა გამოიწვიოს. თუ ეს თეორია გამართლდა, მაშინ გამოდის, რომ ვაქცინებს ამ რისკის შემცირებაში ორმაგად დიდი მნიშვნელობა ჰქონია.
მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ნივთიერება იწვევს ამ შედეგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, დემენციისგან დაცვას AS01 ადიუვანტი და RSV ვაქცინა უზრუნველყოფს. მათი თქმით, აუცილებელია ამ დამცავი ეფექტის გამომწვევი მექანიზმების შესწავლა და სამომავლოდ მათი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება.
ვაქცინებმა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თუ გაგვიმართლებს და ვაქცინების ეფექტურობა კოგნიტიური დაავადებების მიმართაც დადასტურდება, მაშინ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი ყოფილა.