1695451877
„საყურადღებოა ჩუტყვავილა და ქუნთრუშა“ – მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა უნდა იყოს

„ჩვენს ქვეყანაში, ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია. რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია“,- ამის შესახებ, ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „მედიაცენტ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
„ამ სეზონზე, ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. ჩუტყვავილა, ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილებში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ მეორეული ინფექცია.
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია. რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა მას იმუნიტეტი მარტივად უძლებს“,- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.