საავადმყოფოს ფუნქციონირების ჰიბრიდული მოდელი კოვიდ-პანდემიის დროს - ექიმი გიორგი ლობჟანიძე

ვივო მედიქალი

საავადმყოფოს ფუნქციონირების ჰიბრიდულ მოდელზე კოვიდპანდემიის დროს, გვესაუბრება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი,მედიცინის დოქტორი  ექიმი, გიორგი ლობჟანიძე.


- რა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა COVID 19-მა  ჯანდაცვის სისტემა?
ექიმი, გიორგი ლობჟანიძე​:„ახალი კორონავირუსით(COVID19) გამოწვეულმა პანდემიამ 2020 წლის დასაწყისში დღის წესრიგში დააყენა ჰოსპიტალური სექტორის საწოლფონდის მობილიზების აუცილებლობა, იმ კლინიკური შემთხვევებისთვის, რომელთა მართვაც  შეუძლებელი იქნებოდა ამბულატორიულად ან დღის სტაციონარის პირობებში. საავადმყოფოთა უმეტესობას არ გააჩნდათ ინფექციური სტაციონარი და ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების სტაციონარში მართვის გამოცდილება, შესაბამისად, ადაპტაცია ახალ რეალობასთან,  წარმოადგენდა მნიშვნელოვან გამოწვევას მათთვის და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის.

- კიდევ რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა?
ექიმი, გიორგი ლობჟანიძე: „მთავარი გამოწვევა, ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციული კუთხით იყო პაციენტების და პერსონალის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, რომ არ მომხდარიყო ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება საავადმყოფოს შიგნით, რაც ცალსახად გამოიწვევდა საავადმყოფოს ფუნქციონირების მოშლას და კატასტროფულად გაუარესებულ შედეგებს პაციენტების მართვის პროცესში. ასეთი მაგალითები უკვე არსებობდა ჩრდილოეთ იტალიაში, რასაც შეშფოთებული  თვალს ადევნებდა მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული სამედიცინო სექტორი“.

- როგორ ვიცით, პანდემიის საწყის ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოსპიტლებს კოვიდ - კლინიკად ტრანსფორმაციის კონკრეტული გეგმის წარდგენა დაავალა. როგორი იყო თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს გეგმა?
ექიმი, გიორგი ლობჟანიძე: „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მზადყოფნის გეგმა სრულად ითვალისწინებდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს პანდემიის მიმართ ჰოსპიტლების მზადყოფნის შესახებ და გულისხმობდა კონტამინირებული და სუფთა ზონების გამიჯვნას იმგვარად, რომ მინიმუმადე დაყვანილიყო ინფექციის შიდა გავრცელების შესაძლებლობა.

არსებული რეალობიდან გამომდინარე განისაზღვრა საავადმყოფოს ერთი ფლიგელის - საწოლფონდის ორი მესამედის (100 საწოლი) მობილიზება კოვიდ კლინიკისთვის, რაც მოიცავს სრულად აღჭურვილ 20 სარეანიმაციო საწოლს, ქირურგიულ საოპერაციოებს, კათეტერიზაციის ლაბორატორიას და დიაგნოსტიკურ ნაწილს.  აღნიშნული შენობის ფლიგელი გამიჯნულია მეორე, არა-კოვიდ სივრცისგან. ასევე, გამიჯნულია აქ მომუშავე პერსონალიც.

თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების მიღება დაიწყო 2020 წლის ოქტომბრიდან, რაც გულისხმობდა კოვიდ-დადასტურებული შემთხვევების სტაციონარულ მართვას. სწორედ აღნიშნული ფორმატით მონაწილეობს  თბილისის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდ პროგრამაში დღესაც“.

- რას გვეტყვით არა კოვიდიან პაციენტებზე?
ექიმი, გიორგი ლობჟანიძე: „რაც შეეხება არა-კოვიდ ნაწილს,  ის შენობის მეორე ფლიგელში მდებარეობს, იზოლირებულია კოვიდ-კლინკისგან დამოუკიდებლად  მოიცავს ქირურგიულ საოპერაციოებს, რეანიმაციას და სხვა საჭირო სივრცეებს. თუმცა, პანდემიამდე არსებული სერვისების სრული მასშტაბით მიწოდება არ ხორციელდება და ძირითადად სასწრაფო-დაყოვნებული და გეგმიური ქირურგიული ჩარევებით შემოიფარგლება.

2021 წლის მეორე ნახევრიდან კოვიდ პაციენტების მართვის მიზნით თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ, ისევე როგორც სხვა კოვიდ კლინიკებმა, ჯანდაცვის სამინისტროსგან დონაციით მიიღო კოვიდ19-ის და მისი გართულებების სამკურნალო ყველაზე თანამედროვე მედიკამენტები. ყველა მათგანის დანიშვნას აქვს თავისი კონკრეტული ჩვენება და ეს პროცესი კლინიკური მართვის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის“.

- რამდენი ინფიცირებული პაციენტი მიიღო 2020 წლიდან დღემდე თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ?

ექიმი, გიორგი ლობჟანიძე: „2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ გაატარა 2500-ზე მეტი  კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი, რომელთა დიდი უმრავლესობა გაეწერა გამოჯანმრთელებული ან გააგრძელა მკურნალობა ბინაზე. ეს არის ჩვენი სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი  შრომის შედეგი, რისთვისაც მსურს მათ მადლობა გადავუხადო და გამძლეობა ვუსურვო“.