1728334168
„ომიკრონით“ ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი - ეპიდემიოლოგები კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის რისკზე ალაპარაკდნენ
ახალი შტამის სტატისტიკური რეკორდის მოლოდინში - ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ „ომიკრონის“ გავრცელებიდან გამომდინარე დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მალე გადააჭარბებს. მედიკოსები შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რეკომენდაციების შესრულებას - პირველ რიგში ეს ნიღბის ტარებას ეხება.
როგორც პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია „ომიკროის“ შესაკავებლად დაცული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ.
„გაზრდილი მობილობის და „ომიკრონის“ იმ თვისებებიდან გამომდინარე რაც მას ახასიათებს არდაცული რეკომენდაციებისა და დაბალი ვაქცინაციის ფონზე ცხადია, რომ უფრო მოკლე პერიოდში მოხდა დაინფიცირებულთა მაღალი ციფრების დაფიქსირება. რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ „ომიკრონთან“ მიმართებაში, ახლა ყველაზე მთავარი არის ნიღბის ტარების პროცენტული მაჩვენებელი ავწიოთ. ამავე დროს დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხალხმრავალი ადგილებისაგან“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი მძიმე მე-6 ტალღას აანონსებს.
„ომიკრონის“ შტამით გამოწვეულ ინფექცია ჩვენი მოლოდინით გამოიწვევს დაავადების მიმდინარე შემდეგ ტალღას, რომელიც საკმაოდ მაღალი ციფრები იქნება წინა ტალღებთან შედარებით და ამ ფონზე დადგება რისკი კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის“, - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.