ნინო ნიჟარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC - ში კლინიკის ექიმებს შეხვდა

ნინო ნიჟარაძე

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC - ში კლინიკის ექიმებს შეხვდა, სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მომავალი წლის პრიორიტეტებსა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

სამედიცინო ცენტრი ჩართულია სამინისტროს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებაში, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, სახსრების ენდოპროთეზირებისა და თავშესაფრების პროგრამებში.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი გულის ცენტრი. მაღალტექნოლოგიური, მულტიდისციპლინური ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კარდიოლოგიურ მომსახურებას ერთ სივრცეში სთავაზობს. ცენტრში ხელმისაწვდომია კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიოქირურგიისა და გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარების სერვისები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 4.5 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია გულის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფინანსური ბარიერების შემცირება.

✕