ნარსიას შვილს ჟვანიას კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია - კლინიკის სკანდალური განცხადება

გრიგოლ ნარსია

მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის გრიგოლ ნარსიას ადვოკატის განმარტების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულმა მოტივთან დაკავშირებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

შვი­ლი გულის მანკითაა დაავადებული, რომელიც 6 თვიდან მკურნალობს და ახლა 14 წლისაა, სარეაბილიტაციო კურსს ჟვანიას კლინიკაში გადის, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გულზე შუნტირება 6 თვის ასაკში აქვს გაკეთებული და ჟვანიას კლინიკაში ყოველწლიურად გადის სარეაბილიტაციო კურსს. მას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქო­ნია“.

ამ ინფორმაციაში დაშვებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისათვის მნიშვნელოვანი უზუსტობა; ვინაიდან ხსენებულ კლინიკაში არ მიმდინარეობს ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები და შესაბამისად, არ ტარდება რეაბილიტაციის კურსი, აქედან გამომდინარე, დაკავებულის, გრიგოლ ნარსიას შვილს ამ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გავლა არ შეეძლო და არც გაუვლია.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, კლინიკას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია გრიგოლ ნარსიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზემოთ მითითებული დიაგნოზით კიდევ ერთხელ უარყოფს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობის ფაქტს.

აღნიშნულ ინფორმაციას გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.