მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ  კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ  კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სისტემას ამკვიდრებს.

კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.

ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს როგორც დონორთა, ისე პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებს და შექმნის გამართულ, ერთიან სისტემას ქვეყნის მასშტაბით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს.დაგეგმილი ცვლილებებით, უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები. მოხდება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება. ამოქმედდება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა, ასევე სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.