1740372372
გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა დადასტურდა, წელს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 100-მდე შემთხვევაა - ივანე ჩხაიძე

გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა დადასტურდა, წელს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 100-მდე შემთხვევაა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი განსხვავებული იყო 2020-2021 წლის სეზონისგან. გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა, წელს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100-მდეა, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივიღეთ სეზონური გრიპის შემთხვევების სერიოზული მატება. ამაში გარკვეული როლი ითამაშა კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვამ. ბოლო 2 წლის განმავლობაში გრიპის შემთხვევების მცირე რაოდენობის უკან ის ღონისძიებები დგას, რასაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვიყენებდით. ფაქტია, რომ წელს გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს. საბედნიეროდ, ამან ეპიდემიური მატების სახე არ მიიღო", - აღნიშნა ჩხაიძემ.