დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმაზე, თუ რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებებისთვის - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროცესის დაწყებიდან – ჯერ კიდევ 2024 წლიდან, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არა იმპულსურად და ემოციურად, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

„დასაწყისიდანვე მშობლების შეხედულება იყო, რომ არ დავლოდებოდით მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიგვეღო. მე მაინც ვთვლი და თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით – გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და, საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არა იმპულსური და ემოციური, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებაა, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ თითოეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ბუნებრივია. ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყეთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა: ერთი მხრივ, დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუფრთხილებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს რისკი, ბუნებრივია, მუდმივად პროცესის თანამდევი იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს პროცესი არ შეუჩერებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუდმივად ეცნობოდა წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.

„პირველივე ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებდით საქმის კურსში. ჩვენ ურთიერთობების გამწვავების ფონზეც გავაგრძელეთ მუშაობა, პროცესი არ შეგვიწყვეტია, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე რომ ვიმყოფებოდი და მქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვედროდი, იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ მაშინ ინფორმაცია. სწორედ ამ ტიპის სამუშაოებმა შეუწყო ხელი დიდწილად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.

„რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია, გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა, გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.