5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ჰოსპიტალური ინფექციები, პანდემია, პოსტკოვიდური სინდრომი და სხვადასხვა სახის გართულებები, ინფიცირება, გამოჯანმრთელება და გარდაცვალება - ალბათ, ეს ის თემებია, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია და მათ შორის - საქართველოსთვისაც.
როცა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე, ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მან ყურადღება ჰოსპიტალურ ინფექციებზე გაამახვილა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ რიგ საავადმყოფოებში ჰოსპიტალური ინფექციებით გარდაცვალების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე კორონავირუსით.
რაც საქართველოში ომიკრონის შტამი გავრცელდა, ყოველდღიურად დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა ანტირეკორდს ხსნის. ისევ მაღალია სიკვდილიანობაც, ჰოსპიტალური მიმართვიანობაც... არსებულ სიტუაციაზე და ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე "პრაიმტაიმი" მედიცინის აკადემიურ დოქტორს, კლინიკურ ექსპერტს, პროფესორ მაკა ბულეიშვილს დაუკავშირდა.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა განაცხადა, ჰოსპიტალური ინფექციები ყველა ქვეყანაში პრობლემაა და ნებისმიერ კლინიკაში შეიძლება, რომ გაჩნდეს, თუმცა მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამაში პასუხისმგებლობა უშუალოდ კლინიკის ადმინისტრაციასთან ერთად, იმავე დაწესებულების ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ეკისრება.
რა არის ჰოსპიტალური ინფექციები, როგორ ვრცელდება და რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს? - ამ კითხვებს მაკა ბულეიშვილი პასუხობს.
"ჰოსპიტალური ინფექციების ჩამოყალიბება კორონავირუსამდეც ხდებოდა. კოვიდი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, კოვიდამდეც და ზოგადად, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა, მაგალითად: გერმანიაში, რომელიც ჯანდაცვის განვითარების მხრივ, საკმაოდ მაღლა დგას. იქაც კი, ჰოსპიტალური ინფექციების არსებობის ალბათობა პროცენტულად მაღალია, რადგან ჰოსპიტალური ინფექციები დაკავშირებულია პაციენტების დაყოვნებასთან, მწოლიარე პაციენტებთან.
ინფექციები რთულად სამართავია, თითოეულს თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. სიტყვა "ინფექცია" თავისთავად გულისხმობს, რომ კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს მაღალი. ყველა კლინიკას ჰყავს ეპიდემიოლოგიური სამსახური, რომელიც საქართველოს პროტოკოლის მიხედვით, გეგმურად უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც კი, კლინიკაში ჰოსპიტალური ინფექციები გავრცელდეს.
პანდემიის დროს, როცა სიტუაცია უმართავი იყო და ინტენსიურ თერაპიაში უამრავი პაციენტი იყო და ფორსმაჟორულად უწევდათ მუშაობა, არაა გამორიცხული, რომ პაციენტებში თანდართულ გართულებად ჰოსპიტალური ინფექციები გაჩენილიყო.
თქმა, რომ გარდაცვალება ჰოსპიტალური ინფექციების გართულების ხარჯზე ხდება და არა კორონავირუსის ან არსებული ქრონიკული დაავადების გამო, არასწორია. ამის დასადგენად და სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, მოკვლევა უნდა ჩატარდეს, დადგინდეს რა გახდა კონკრეტული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
მხოლოდ ჰოსპიტალური ინფექციების გართულებით ადამიანები არ კვდებიან, ამასთან ერთად, შესაძლოა ლეტალური შედეგები ვირუსის შემდგომი გართულების და ჰოსპიტალური ინფექციების თანდართულმა გართულებამ გამოიწვიოს.
პანდემიის დროს, არსებული პროტოკოლის მიხედვით, ინფექციის ხარისხი უნდა გაკონტროლებულიყო და ასევე, საჭირო იყო საგანგებო პროტოკოლიც.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კლინიკაში ჰოსპიტალური ინფექციები არ არის პროტოკოლის შესაბამისად მართული, ამაზე პასუხისმგებლობა კონკრეტული კლინიკის ადმინისტრაციას და ეპიდემიოლოგიური და ინფექციის მართვის სამსახურს ეკისრება, რომელიც ხარისხის მართვის ნაწილია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჰოსპიტალური ინფექციები შესაძლოა, ძალიან მაღალი კლასის კლინიკებშიც გავრცელდეს, თუმცა ამის პრევენცია შესაძლებელია. ეს დაწესებულების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სადაც ეპიდსიტუაცია მართული არაა, იქ შემდგომში, ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება ვერ მოხდება.
იმიტომაც ჰქვია ინფექციის კონტროლის სამსახური, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი რგოლი უნდა იყოს, ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება. შესაძლოა, პაციენტმა ოპერაცია გაიკეთოს, ჩაიაროს წარმატებით და შემდგომ, ჰოსპიტალური ინფექცია დაემართოს, რამაც ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს, ან ლეტალური შედეგი დადგეს.
ჰოსპიტალური ინფექციები იყო, არის და იქნება, რა თქმა უნდა ეს მართვადია და უნდა მიმდინარეობდეს კონტროლი." - ამბობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, კლინიკური ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
"გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ია და გვაქვს კლინიკები, სადაც 15% არის. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. უბრალოდ ამას საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები.
მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი", - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ეკატერინე ტიკარაძემ.