„არ არსებობს სუსტი, უვნებელი ნარკოტიკი, ყოველი მათგანის მიღება შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს“ - ექიმი

კლუბური ნარკოტიკი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე თემაზე საუბრობს:

„თუ ქალის სექსი მხოლოდ გამრავლებას ემსახურება, მაშინ რატომ აღჭურვა ბუნებამ/ღმერთმა მისი სხეული კლიტორით?

ორგანო, რომელიც მხოლოდ სიამოვნების მიღებას და ორგაზმის განცდას ემსახურება?

თუ კაცი ტრაბახობს სექსუალური თავგადასავლებით, ქალზე იგივე რა ლოგიკით არ ვრცელდება?

ბავშვობის მეგობარი ან ნათესავი არ გვავალდებულებს ავტომატურად, რომ

მათთან უპირობოდ ახლოს ვიყოთ.

არც თუ ისე იშვიათად ზუსტად ისინი გვირთულებენ ცხოვრებას.

სახლში მუდმივი ღრიალი, კონფლიქტები ნეგატიურად აისახება ბავშვის ჯანმრთელ განვითარებაზე და მის სულს ტრავმებით ჭრის.

შვილების გამო უბედური ქორწინების შენარჩუნება უფრო ავნებს მათ.

როცა წყვილს აქვს პრობლემები, რომლებსაც ისინი ვერ აგვარებენ, ამისთვის არსებობს couple therapy, ქართულად ალბათ წყვილების თერაპია, რაც ძალიან ჭკვიანური და ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა.

დღეში 7 000 ნაბიჯი უკვე საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობის პროგნოზს. 10 000 ნაბიჯი მითია, მაგრამ რაც მეტი მოძრაობა, მით უკეთესი, ბუნებრივია.

საქართველოს პრობლემების ერთერთი მთავარი წყარო არის სკოლის სისტემა - ბევრი თეორია და საზეპირო, ცოტა აზროვნება, პრაქტიკული უნარების სწავლება და არანაირი მომზადება ცხოვრებისთვის.

ძალიან ტრაგიკომიკურია, როცა შვილს აბარებინებენ უმაღლესში იმიტომ, რომ მშობლებს სხვანაირად რცხვენიათ სხვა მშობლების.

ბევრი წიგნი თუ გაქვს წაკითხული არ ხარ ავტომატურად განათლებული, არამედ ნაკითხი.

განსხვავება ძალიან, ძალიან დიდია!

კვალიფიციურ, მორგებულ ფსიქოთერაპიას შეუძლია ყველანაირი ნევროზის, ფობიის, პანიკური აშლილობის ბოლომდე გაკურნება.

ნეგატიური ემოციები იგივენაირად ბუნებრივია, როგორც პოზიტიური. მათ არ სჭირდებათ მკურნალობა და წამლები, არამედ უბრალოდ მიღება, არსებობის უფლების მშვიდად მინიჭება, მშვიდად მოთმენა.

ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს საკუთარ თავთან.

კარგი პარტნიორი ხარ შენი თავისთვის?

აუცილებელი და უალტერნატივოა სკოლაში კვალიფიციური, მშვიდი, სერიოზული განათლების მიწოდება სექსზე, მის ანატომიაზე, ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე. ასევე სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციების ბუნებრივობაზე და ყველა ვარიანტში სასქესო გზით გადამდებ დაავადებებზე და ორსულებაზე.

ასევე აუცილებელი და სიცოცხლის გადამრჩენელია ნარკოტიკებზე (დრაგებზე) და ე.წ. safer use სწორი, არარომანტიზებული ინფორმაციის მიწოდება სკოლაშივე ფარმაკოლოგის, ექიმის ან სხვა კომპეტენტური ადამიანის მიერ.

თავის ტკივილს ხშირად შველის ჯანჯაფილის ჩაის/ნაყენის მიღება და ცოტა ხანი წამოწოლა. ასევე პიტნის (ჩინური) ზეთის წასმა საფეთქლებზე და კისერზე.

ყოველ ჯერზე ციტრამონი უფრო ქრონიკულს ხდის თავის ტკივილის.

არ მიიღო ექსტაზი ან MDMA ან LSD თუ ხმარობ ანტიდეპრესანტებს ან შაკიკის წამლებს - ტრიპტანებს. შეიძლება მოკვდე.

არ არსებობს სუსტი, უვნებელი ნარკოტიკი, დრაგი. ყოველი მათგანის მიღება შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.

ალკოჰოლი და სიგარეტი დედამიწაზე არსებული ნარკოტიკებს შორის ყველაზე საზიანოა და ყველაზე მეტ ადამიანს კლავს.

გაცილებით მეტს ვიდრე ჰეროინი და კოკაინი.

ყოველთვის იხმარე პრეზერვატივი, თუ არ ხართ ორივე ტესტებით დარწმუნებული, რომ ჯანმრთელები ხართ.

დაცვეთის ( circumcision) შემთხვევაში მამაკაცი კარგავს პენისის მგრძნობელობის მნიშვნელოვან ნაწილს, მითუმეტეს თუ ხდება ლაგამის (frenulum) მოკვეთა.

არაკაცური იცით სინამდვილეში რა არის?

წმინდანად შერაცხული ცოლი სექსუალურ შიმშილში რომ გყავს სახლში, ან 3 წელში ერთხელ ქორწინების იუბილეზე მექანიკურად რომ შეუვარდები ვაგინაში.

სამაგიეროდ სასიამოვნო, საინტერესო, ელეთ-მელეთის მომგვრელ სექსუალურ პრაქტიკებს საყვარელთან, ან მეძავთან რომ გადიხარ და ტკბები.

და მრავალგზის ნაორგაზმალი სახლში რომ ბრუნდები და ცოლის გაკეთებული და მორთმეული საჭმლით ივსებ დაკარგულ კალორიებს“,- წერს ექიმი.