„ვცდილობდი ყვირილს, მაგრამ პირზე ხელი ამაფარა და როცა თავისას მიაღწია, მითხრა, არ ვიცოდი, ქალიშვილი თუ იყავიო...“ - შემზარავი ამბავი

ძალადობა

ამბავი სულისშემძვრელი და დაუჯერებელია. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ საკუთარმა დედამ ცხოვრება დაუნგრია და უმძიმესი ცხოვრების გამოვლა მოუხდა. ერთი შვილის დედაა და არ მალავს, რომ ის მოძალადისგან გააჩინა. მომხდარში საკუთარ დედას ადანაშაულებს. წლებია, სახლიდან გამოიქცა, კარგა ხანს თავშესაფარში ცხოვრობდა, დღეს კი შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაშია.

გთავაზობთ, ამონარიდს შემზარავი ისტორიიდან, რომელიც კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა

- არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი. იმდენი რამ გადამხდა თავს, ამის გახსენება ძალიან მიჭირს. თუმცა ეს ამბები ჩემი ცხოვრების თანმდევია და თავსაც ხშირად მახსენებს - მაგალითი ვარ, თუ როგორ შეიძლება შვილი ემსხვერპლოს საკუთარი დედის საქციელს. სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარაფრის შეცვლა შემიძლია, მაგრამ ამ გზის თავიდან გავლა რომ მიწევდეს, ერთი წუთით არ გავჩერდებოდი ასეთ დედასთან და ასე საკუთარ თავსაც გადავარჩენდი.

- საკუთარ დედას რაში ადანაშაულებთ?

- ვერ ვიტან დედაჩემს, რადგან მის გამო ცხოვრება დამენგრა. პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, მახსოვს, სახლში სულ ჩხუბი იყო, მამა ეჭვიანობდა და მართალიც იყო. ბოლოს, დედაჩემს ღალატის გამო დაშორდა. მამაჩემს ახლა სხვა ოჯახი აქვს და იქ ძალიან კარგად ცხოვრობს, შვილებიც ჰყავს და ბედნიერია მათთან ერთად.

მამიდაჩემი სულ მეუბნებოდა, შვილო, ფრთხილად იყავი, დედაშენი ცუდი ქალია და იმის მეშინია, შენც რამე ცუდი არ დაგმართოსო. თავიდან მეგონა, მამიდა ამას სიბრაზის გამო ამბობდა, მაგრამ რომ წამოვიზარდე და დედის საქციელებს ვხედავდი, მივხვდი, მამიდა მართალი იყო.

- ამბობთ, რომ თქვენი შვილი ძალადობის ნაყოფია, გაგაუპატიურეს?

- კი, ისიც საკუთარ სახლში და დედასთან მოსულმა კაცმა. იმ დღეს სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი, კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა, კარი დედაჩემმა გააღო, მთვრალი იყო და ძლივს მიბარბაცდა კართან, ოთახში მამაკაცი შემოვიდა, მე ჩემს ოთახში ჩავიკეტე, ცოტა ხანში ჩემს საძინებელ ოთახში კაკუნის ხმა გაისმა, ხმა არ ამომიღია, არ ვუპასუხე, მაგრამ რომ არ გაჩერდა, იძულებული გავხდი, კარი გამეღო, ის კაცი გამომწვევად მესაუბრა, მოვთხოვე სახლიდან წასულიყო, მაგრამ მან იძალადა ჩემზე და გამაუპატიურა...

ამ დროს იქვე ეგდო მთვრალი დედაჩემი. წინააღმდეგობის გაწევას, ყვირილს ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან პირზე ხელი ამაფარა, როცა თავისას მიაღწია, მერე მითხრა, არ ვიცოდი, ქალიშვილი თუ იყავიო... მისმა ქცევამ ძალიან გამაღიზიანა, ძალიან ცუდად ვიყავი... არ მინდა ამ დეტალების გახსენება, რადგან მანადგურებს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.

ახლა ბავშვი უკვე სკოლაში დადის და ვცდილობ, მას არ ვატკინო გული. ალბათ მოვა დრო და მომიწევს მისთვის ყველაფრის ახსნა და ამაზე ფიქრიც კი მზარავს. ვცდილობ, ჩემს შვილს არაფერი მოვაკლო. ჩემს თავს ვადანაშაულებ მომხდარში. ჯობდა დედასთან არ მეცხოვრა, ჯობდა მამასთან დავბრუნებულიყავი, ასეთ დღეში მაინც არ აღმოვჩნდებოდი. ამაზე მეტ ტკივილს ვინ მომაყენებდა, რაც საკუთარმა დედამ მომაყენა.

ის კაცი მეზიზღება, ჩემი შვილი ჩემს გვარზეა და მამის გრაფაში მამაჩემის სახელი უწერია, რომ გაიზრდება ალბათ გაიგებს სიმართლეს და არ ვიცი, რა რეაქცია ექნება, დედასთან ურთიერთობა აღარ მაქვს, ამ ამბის შემდეგ თურქეთში წავიდა და როგორც ვიცი, იქ არის, მან მე მთელი ცხოვრება დამინგრია. წყარო