მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა
1747228693
14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა.
ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება.
თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ.
ამონარიდი პატრიარქის 2005 წლის ქადაგებიდან:
"რით დაიმსახურა თამარ მეფემ ასეთი დიდება, ასეთი პატივი? უპირველეს ყოვლისა, თავისი დიდი რწმენით, დიდი თავმდაბლობით, გონიერებითა და სიბრძნით. როცა ადამიანს აქვს დიდება, სიმდიდრე, მან არ უნდა დაკარგოს თავმდაბლობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს და თავმდაბალს მიანიჭებს მადლს. როცა ადამიანი ღებულობს რაღაც სიუხვეს, სიმდიდრეს, დიდებას ან თანამდებობას, მას ასევე უნდა მოემატოს თავმდაბლობაც, რომ ამპარტავნებამ არ გადაწონოს, არ დასძლიოს.
საოცარი პიროვნება ბრძანდებოდა თამარ მეფე. თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მტერი ხშირად იერიშით მოდიოდა, თამარი კი ჯარს ეკლესიაში დაალოცვინებდა და აზიარებინებდა ხოლმე, თვითონ მეფე კი ფეხშიშველა მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს ასწორებდა ლოცვაში, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა. აი, ასეთი იყო თამარ მეფე.
თამარ მეფეს ერთხელ ჰქონდა ასეთი ხილვა: იდგა ორი ტახტი - ერთი დიდებული, ძალიან ბრწყინვალე, მეორე კი - მომცრო. თამარ მეფე წასულა იმ დიდი ტახტისაკენ, მაგრამ ანგელოზს უთქვამს, ეს არ არის შენი ტახტი, არამედ მეორეაო.
"ჩემზე აღმატებული განა ვინ არის ამ ქვეყანაზე, ამ სახელმწიფოშიო?" - გაკვირვებია თამარ მეფეს.
„არის. ის შენი მსახურია და მას ეკუთვნის ეგ დიდი ტახტიო“, - უპასუხია ანგელოზს.
„რით დაიმსახურაო?“ - უკითხავს თამარ მეფეს.
„თორმეტი მღვდლისთვის მოქსოვა და შეკერა შესამოსელი და ამ შესამოსლით თორმეტ ტაძარში თორმეტი ტრაპეზის წინ სრულდება წირვა, ამიტომ ღმერთმა დიდად მიიღო ეს შესაწირავიო“, - მიუღია პასუხად.
თამარ მეფეს დილით მოუწვევია თავისი მსახური და უკითხავს: მართლა გააკეთე ესა და ესაო. კი გავაკეთეო, - უპასუხია მსახურს, - მაგრამ არ ვიცი, რაში შემეწევაო.
მაშინ უბრძანებია თამარ მეფეს მსახურებისთვის, მოეტანათ მისთვისაც ძაფი, თვითონაც დაუწყია ქსოვა და შეუკერია 12 სამღვდელო შესამოსელი და 12 ტაძარში შეუწირავს. აი, ასეთი თავმდაბალი იყო თამარ მეფე. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განსაკუთრებით ლოცულობს იგი ჩვენთვის და განსაკუთრებით ეწევა საქართველოს...
თამარ მეფის ლოცვით ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო, ღმერთმა ინებოს, დაგვიბრუნოს თამარ მეფის დიდება, თამარ მეფის დროინდელი რწმენა, მისი თავმდაბლობა, ის სიკეთე, რომელმაც თამარ მეფე ამ დიდების ტახტამდე აღამაღლა. ჩვენთან არს ღმერთი.
***
ტროპარი: წმინდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.