პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1994 წლის 2 დეკემბერს ბათუმის პორტიდან გაუჩინარებული გემის ისტორია ამ დრომდე ბურუსით არის მოცული.
სატვირთო გემი „სპარტაკი“ ბათუმიდან იალტის მიმართულებით გაემგზავრა, გემზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.
„სპარტაკი“ თავდაპირველად სამეცნიერო ხომალდი იყო, თუმცა მოგვიანებით ის ბათუმელმა კაპიტანმა რომან ჯიბლაძემ შეიძინა და სატვირთო ხომალდად გადააკეთა.
განახლებულმა გემმა პირველი რეისი 1994 წელს შეასრულა და იმავე წლის ბოლოს გაუჩინარდა.
დაკარგული ხომალდის საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება. ბოლო ცნობები გაუჩინარებული ხომალდის შესახებ 1997 წელს გავრცელდა და მას შემდეგ ახალი ინფორმაცია არავის აღარ მიუღია.
იალტისკენ მიმავალი გემის კაპიტანი, სპარტაკ ჯიბლაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავი შეუძლოდ იგრძნო და ეს საქმე თავის თავზე, კაპიტანმა ვიტალი უნგიაძემ აიღო.
საიდუმლო გაუჩინარებისთვის განკუთვნილ, რეისზე მიმავალი გემის ბორტზე 5 ტონა ჩაი, 4 ავტომანქანა, 10 ტონა ნავთობი და 75 ტონა მანდარინი იყო.
გემი „სპარტაკი“ პოლონეთში იყო აწყობილი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისმა მფლობელებმა ის ვალების გასასტუმრებლად გაყიდეს და ბათუმელმა კაპიტანმა 25 000 დოლარად შეიძინა.
„სპარტაკი“ სისტემურად კარგად გამართული გემი იყო, ამიტომ როდესაც პორტიდან გადიოდნენ, მასთან ერთად გადიოდა ზღვაში სხვა პატარა გემები. 4 დეკემბერს, მანდარინით დატვირთული გემი ბათუმიდან, „სამეგრელოსთან“ ერთად გავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემის ბორტზე მანდარინების ქვეშ დიდი ოდენობით იარაღი იყო დამალული, თუმცა „სპარტაკის“ მფლობელის ვაჟი, სპარტაკ ჯიბლაძე, რომელიც იმ დღეს იალტაში თავად უნდა წასულიყო ამ ფაქტს უარყოფს.
„პატარა გემი იყო, სადაც იარაღს ვერ დამალავდნენ. 2 დეკემბერს, „სპარტაკი“ ბათუმიდან სამ პატარა გემთან ერთად გავიდა, ზღვაში რადიოსადგურით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
მეორე დღეს საღამოს 11 საათზე, უნგიაძეს უთქვამს ბორტზე სტუმრები მყავს და ახლა ვერ დაგელაპარაკებიო. ვინ იგულისხმა ამ სტუმრებში არ ვიცი.
“სამეგრელოს” კაპიტანმა რადიოსადგურში ასევე, გაიგო, რომ “სპარტაკის” კაპიტანს სოჭთან უთხრა ვიღაცამ უკვე იალტაში ვართო“ – იხსენებს სპარტაკ ჯიბლაძე.
გემის სამძებრო სამუშაოები ვერტმფრენით 4 დეკემბერს დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერ მიაკვლიეს. ვინაიდან ზღვაზე ნავთობის კვალი ვერ ნახეს, გემის ჩაძირვას გამორიცხავენ გამქრალ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების ოჯახის ახლობლები.
ისინი ვარაუდობენ, რომ „სპარტაკი“ აფხაზებმა დაატყვევეს და მის გასათავისუფლებლად აჭარის ხელისუფლების მაშინდელმა უფროსმა, ასლან აბაშიძემ არაფერი გააკეთა.
გემი აფხაზეთის წყლებში ბოლოს ავთო იოსელიანის დაზვერვის სამსახურმა დააფიქსირა. მისი დახმარებით, ოჯახს „მხედრიონიდან“ კაციც გამოუყვეს, რომელიც ცდილობდა აფხაზეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
სპარტაკ ჯიბლაძე ასევე იხსენებს ერთ ფაქტს, რომლის თანახმად, აფხაზურმა მხარემ ასლან აბაშიძეს გატაცებული გემის უკან დაბრუნების სანაცვლოდ ორი კატერი მოსთხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო – აბაშიძემ კატერები არ დათმო.
ეკიპაჟზე მყოფი 17 წლის მიხეილ ინაევის დედამ, რუსეთის პროკურატურასაც მიმართა, საიდანაც პასუხად მიიღო, რომ გემი აფხაზეთში იყო.
„სპარტაკის“ მოტორისტის გიორგი ნიკურაძის მშობლებს კი ორმა პირმა გაუჩინარებული შვილის წერილი გადასცა, სადაც ნიკურაძე იუწყებოდა, რომ ის აფხაზეთის ციხეშია.
გამქრალი ეკიპაჟის წევრების ოჯახის წევრებისთვის მათი ახლობლების გაუჩინარების საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული, თუმცა იმედი აქვთ, რომ აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ, საიდუმლოს ფარდა აეხდება და ოჯახის წევრებიც დაუბრუნდებიან.