„სახის გარეშე დარჩენილი ქალი“ - როგორ გადაურჩა ჩარლა ნეში შიმპანზეს თავდასხმას

სახის გარეშე დარჩენილი ქალი

2009 წლის 16 თებერვალს ამერიკაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ცხოველის თავდასხმა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. 55 წლის ჩარლა ნეში მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გაზრილმა შიმპანზემ, სახელად ტრავისმა, სასტიკად დაასახიჩრა.

ტრავისი - 14 წლის შიმპანზე,  სანდრა ჰეროლდმა ბავშვობიდან სახლში გაზარდა. ის ოჯახში ცხოვრობდა თითქმის ადამიანივით: ჭამდა მაგიდასთან, სვამდა ღვინოს, უყურებდა ტელევიზორს და იყენებდა ტუალეტს.


იმ დღეს მოულოდნელად აგრესიული გახდა. როდესაც ნეში მეგობრის თხოვნით ეზოში შევიდა, ცხოველი თავს დაესხა.

შიმპანზემ ქალს მთლიანად მოაჭრა ცხვირი, ტუჩები, ქუთუთოები და ორივე ხელი, სერიოზული დაზიანება მიაყენა სახის ძვლებსა და თვალებზე. მისი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ცხოველი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ჩარლა ნეში სასწრაფოდ გადაიყვანეს სტამფორდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ის კომაში იმყოფებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

შემდგომში იგი გადაიყვანეს კლივლენდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა თანამედროვე მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა - სრული სახის ტრანსპლანტაცია.

2011 წელს, ჩარლა ნეში გახდა ერთ-ერთი პირველი პაციენტი აშშ-ში, რომელმაც სრული სახის გადანერგვა ჩაიტარა - ოპერაცია გაგრძელდა 20 საათზე მეტი.

ოპერაციის შემდეგ ნეშმა შეძლო მეტყველება, რბილი საკვების მიღება და ნაწილობრივი მოძრაობების შესრულება სახის ნაწილებში.

თავდასხმის შედეგად ჩარლა ნეში სრულად დაბრმავდა. მიუხედავად ამისა, იგი მედიის წინაშე ხშირად გამოდის. საუბრობს გადატანილ ტკივილზე და თავისი ისტორიის გაზიარებით ცდილობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

„არავის ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე, მაგრამ თუ ჩემი ისტორია დაეხმარება იმას, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს — მაშინ ღირდა მისი გაზიარება“, — აცხადებს ნეში ერთ-ერთ ინტერვიუში.

მან მიმართა აშშ-ის კონგრესს და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს მაიმუნების და სხვა გარეული ცხოველების მოშინაურებას.

სასამართლო დავა და კომპენსაცია

ჩარლა ნეშმა უჩივლა სანდრა ჰეროლდის  და მიიღო 4 მილიონიანი კომპენსაცია. მოგვიანებით შეეცადა დაეწესებინა პასუხისმგებლობა კონექტიკუტის შტატისთვისაც, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლა ნეშის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელია, მისი გამძლეობა და ძალა საზოგადოებისთვის შთაგონებად იქცა. ის ყოველდღე ახერხებს იმ ცხოვრებასთან შეგუებას, რომელიც თავდასხმის შემდეგ სრულიად შეიცვალა.