წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონია საშუალება, იმ ჯურღმულში ჩაეღწია, სადაც სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ. წლების წინ, ვიდრე ორთაჭალის ციხეს აგურ-აგურ დაშლიდნენ, მოვახერხეთ, გვენახა სიკვდილმისჯილთა საკნები და სასჯელის აღსრულების ოთახი.
„ექსკურსიის“ უფლება კი მოვიპოვეთ, მაგრამ ფოტო და ვიდეოგადაღების გარეშე. მაშინ ჩვენმა მასპინძელმა ის გზა გაგვატარა, რომელსაც სიკვდილმისჯილები გადიოდნენ.
რაც მაშინ ჩვენმა „გიდმა“ გვიამბო, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც წარმოდგენილი გვქონდა: დასახვრეტად პატიმარი მიწისქვეშა ოთახში ჩაჰყავდათ, რომელიც შუაში ფარდით იყო გაყოფილი. ორივე მხარეს ნახერხით სავსე ორმო იყო. სიკვდილმისჯილი უნდა დაწოლილიყო, ორმოში ჩაედო თავი და ჯალათი ამის შემდეგ ესროდა კეფაში. იყო შემთხვევა, რომ პატიმარი არ წვებოდა, წინააღმდეგობას უწევდა. ჯალათი ჩაარტყამდა თავში, გათიშავდა, მიათრევდა ორმოსთან, ჩააყოფინებდა თავს და ხვრეტდა. თუ იმ დღეს კიდევ სხვა პატიმარიც იყო დასახვრეტი, დახვრეტილს ფარდის უკან გადააწვენდნენ, იქ მეორე ორმოში თავს ჩააყოფინებდნენ, რომ დაწრეტილიყო სისხლისგან და მომდევნო სიკვდილმისჯილს ხვრეტდნენ, - გვითხრა ციხის თანამშრომელმა.
საქართველოს პარლამენტმა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა 1997 წლის 11 ნოემბერს, ევროსაბჭოს რეკომენდაციით გააუქმა.
„პრაიმტაიმი“ ვლადიმერ ტაბაღუას დაუკავშირდა. ის სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე იმ ციხის დირექტორი გახლდათ, სადაც სასჯელის აღსრულება ხდებოდა.
- როდესაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა, სასჯელის აღსრულებას 57 პატიმარი ელოდა. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მათ 20 წელი მიესაჯათ. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მე ვიყავი იმ ციხის უფროსი, სადაც სიკვდილმისჯილები იყვნენ და 7 ადამიანი გადავარჩინე დახვრეტას. მოვიდა განკარგულება, რომ ეს 7 ადამიანი დამეხვრიტა. მაშინ საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით და უკვე 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მოქმედებდა, რომელიც დახვრეტას არ ითვალისწინებდა. ამის გამო, მე უარი ვთქვი პატიმრების დახვრეტაზე. ატყდა ამბავი, მივიდა შევარდნაძის ყურამდე. მან დაავალა მინდია უგრეხელიძეს (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), შოთა კვირაიას (შსს მინისტრი), ჯამლეტ ბაბილაშვილს (გენერალური პროკურორი), ალექსანდრე შუშანაშვილს (სამხედრო პროკურორი), გადაწყვეტილება მიეღოთ - არ ხვრეტს ხალხს, არ აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და გაარკვიეთ ეს საკითხიო. შეიკრიბნენ, დამიბარეს. ვუთხარი, - მე არ დავხვრეტ და თუ გინდათ, მოდით და დახვრიტეთ-მეთქი. შუშანაშვილმა ჩემი მხარე დაიჭირა. შემდეგ დანარჩენებიც გადმოვიბირეთ და გადაწყდა, რომ არ უნდა დაგვეხვრიტა. ასე გადარჩა ის 7 ადამიანი. მათ შორის, გადარჩა ის ადამიანიც, ვინც სამი კაცის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. იმ სამი მოკლულიდან ერთ-ერთი, მოსამართლე თამარ ალანიას მამა გახლდათ - აღმასკომის თანამშრომელი, მეორე - პროკურორი. მესამე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ სამივე ერთ ერთ დღეს მოკლა.
- როგორ არჩევდნენ ჯალათებს, ვისაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდა?
- ჯალათი ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო. იქ დაძალებით არავის ამუშავებდნენ, ყველა თავისი სურვილით მუშაობდა. მისი თანამდებობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ. მათ უსაფრთხოებას კანონი იცავდა და ინფორმაციის გამჟღავნებისთვის 25-წლიანი ციხე იყო. სასჯელის აღსრულების წინ, რამდენიმე საათით ადრე, ბუღალტერია ჯალათს ფულს აძლევდა 200 გრამი არყისა და საუზმის საყიდლად. ნასვამი კაცისთვის გაცილებით იოლია ამ საქმის გაკეთება. დიდხანს ვერც ერთი ვერ ძლებდა. ზოგს მუშაობის პერიოდშივე ფსიქიკა შეერყა და გაუშვეს, ზოგიერთი თავისით წავიდა. ცივი, უსიცოცხლო მზერა ჰქონდათ. აბა, როგორია? ლამის ყოველდღიურად კლავ კაცს. ხელფასი დაახლოებით 1.000 მანეთი ჰქონდათ (მაშინ წარმოუდგენლად დიდი ფული იყო), გარდა ამისა, ფულადი წახალისება, პრემიები, ჯილდოები, სარგებლობდნენ უფასო საგზურებით, საუკეთესო კურორტებზე დადიოდნენ ოჯახებიანად. იყო ასეთი კაცი, გვარად შაშულკინი. 30-იან წლებში, რეპრესიების დროს, „ხალხის მტრებს“ ის ხვრეტდა. რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში დაჰყავდათ და ათასობით კაცს უღებდა ბოლოს. საქართველოშიც ის აღასრულებდა განაჩენს. იმ წლებში ორთაჭალაში ციხის მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელი იყო. სწორედ იმ ტყეში გაჰყავდათ დასახვრეტად, ორმოს თავიანთი ხელით ათხრევინებდნენ. მერე მიწას მიაყრიდნენ. მახსოვს, წლების წინ იმ ტერიტორიაზე წყალმა გამოხეთქა და ადამიანების თავის ქალები და ძვლები გზაზე მიმოფანტული იპოვეს. ეს, ალბათ, დახვრეტილთა ძვლები იყო. ერთხელ დასახვრეტად ტყეში გაყვანილმა პატიმრებმა გაქცევა სცადეს. მაშინ ციხის უფროსი მიჰყვებოდა ჯგუფს. ორმა პატიმარმა ხელბორკილის ახსნა შეძლო და გაიქცნენ. ციხის უფროსი კარგი მსროლელი იყო. ორივე დაჭრა, მერე კი განაჩენიც აღასრულეს, მაგრამ ამის შემდეგ მეთოდი შეიცვალა და სიკვდილმისჯილებს უკვე ციხის შენობაში ხვრეტდნენ.
- არაა გამორიცხული, რომ უდანაშაულო ადამიანი დაეხვრიტათ.
- ერთხელ მკვლელის მაგივრად მისი დეიდაშვილი დაიჭირეს. მკვლელმა დანაშაული არ აღიარა და უდანაშაულო კაცს დახრეტა მიუსაჯეს. 6-7 თვის მერე მკვლელს სინდისი გაეღვიძა და დანაშაული აღიარა. ის დახვრიტეს, მისი სიკვდილმისჯილი დეიდაშვილი კი გაუშვეს, მაგრამ 26 წლის ბიჭი ერთიანად თმაგათეთრებული გავიდა ციხიდან. ფაქტობრივად, მკვდარი იყო. წარმოიდგინეთ, 7 თვე ყოველდღე ელოდა სიკვდილს.
ერთ აფხაზ ახალგაზრდას ყაჩაღობისთვის 10 წელი ჰქონდა მისჯილი. სულ გაიძახოდა, საბჭოთა კავშირში სამართალი არ არისო, წერდა განცხადებებს, გზავნიდა მოსკოვში, აკრიტიკებდა რეჟიმს... არავინ აქცევდა ყურადღებას. ბოლოს იმდენი წერა, რომ ერთ დღეს მოსკოვის ცენტრალური კომიტეტიდან მართლაც ჩამოვიდნენ, შეხვდნენ პატიმარს და უთხრეს, - აი, მოვედით და რით შეგიძლია დაამტკიცო, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ არისო? - ახლავე გეტყვით: 2 კაცი მე მოვკალი, გვამები არ უნახავთ, ამ საქმეზე 3 უდანაშაულო კაცი დააკავეს, 2 დახვრიტეს, ერთს კი დიდი სასჯელი მისცეს. ამის მერე შეგიძლიათ, მითხრათ, რომ სამართალი არსებობსო? გადაამოწმეს საქმე. გვამები მართლაც არ იყო ნაპოვნი, ხალხი კი უკვე დახვრეტილი ჰყავდათ. ისევ შეხვდნენ პატიმარს: შეგიძლია, გვამები სად დამარხე, ის ადგილი გვაჩვენოო? გადააფრინეს სოხუმში, მიიყვანა და აჩვენა გვამები. ასე დაამტიცა, რომ საბჭოთა კავშირში სამართალი ნამდვილად არ იყო. თან ეტყობა, სინდისმაც შეაწუხა, მის გამო სხვები რომ დახვრიტეს.
- თქვენ თუ ესწრებოდით დახვრეტას?
- სასჯელაღსრულების სისტემაში იქმნებოდა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 2 ჯალათი (ერთი რომ ავად გამხდარიყო, შემცვლელი ჰყოლოდა), ექიმი, პროკურორი, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, ციხის უფროსი. კომისიის წევრებიდან არავინ ესწრებოდა დახვრეტას. ჯალათი აღასრულებდა განაჩენს, ექიმი აფიქსირებდა გარდაცვალების ფაქტს, შემდეგ კომისიის წევრები ნახულობდნენ გარდაცვლილს, შედგებოდა ოქმი და ყველა მოაწერდა ხელს. თუმცა, კომისიის წევრებიდან ფაქტის სანახავად მხოლოდ ექიმი მიდიოდა.
- საკუთარი თვალით გექნებათ ნანახი, როგორ გაჰყავდათ პატიმრები საკნიდან დასახვრეტად.
- ადრე სიკვდილმისჯილ პატიმარს ატყუებდნენ, თითქოს შეუცვალეს დახვრეტა და შეიწყალეს. - გილოცავთ, განაჩენი შეგიცვალეს, ციხის უფროსი თავად დაგელაპარაკებაო, - ასე გამოჰყავდათ საკნიდან და მიჰყავდათ დასახვრეტად. ერთხელ სიკვდილმისჯილ პატიმარს, სენაკელ ფრიდონ ქარცხიას, რომელიც მკვლელობისთვის იყო გასამართლებული და შეწყალებას ელოდა, უარი მოუვიდა. პოლკოვნიკი შავიშვილი შევიდა მასთან და უთხრა, გილოცავთ, განაჩენი შეგიცვალესო. - ვის ატყუებთო? - არ დაუჯერა ფრიდონმა, შტირი ჰქონია გამზადებული და შავიშვილს კისერში ისე ჩაარტყა, რომ გულამდე გაუყარა და მოკლა. ამის მერე ტაქტიკა შეცვალეს: ყველა სიკვდილმისჯილი ყოველდღე, პირველ საათზე ექიმთან სათითაოდ გაჰყავდათ. ექიმი გაესაუბრებოდა და იქიდან დასახვრეტად მიჰყავდათ. ამიტომ ვეღარ იგებდნენ, როდის ვისი განაჩენი მოჰყავდათ სისრულეში. ექიმიდან გასულს სხვა მიმართულებით, გვირაბით რომ წაიყვანდნენ, ხვდებოდა და ღრიალს იწყებდა... თუ ძალიან იყვირებდა, ჩვარს ჩაუდებდნენ პირში. ციხის უფროსთან შეყვანის შემდეგ, როდესაც პატიმარს აუწყებდნენ, რომ შეწყალებაზე უარი ეთქვა და განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, სიკვდილმისჯილი გამოშტერებული, არაფრის მთქმელი თვალებით უყურებდა... იქიდან ზოგი ვაჟკაცურად გამოდიოდა, ზოგს მუხლები ეკვეთებოდა და მიათრევდნენ... ბევრი მოთქვამდა, არაადამიანურად ბღაოდა... ზოგი ჩაისველებდა ან ჩაისვრიდა ხოლმე შიშისგან. მერწმუნეთ, ეს საშინელი განცდა იყო იმ ხალხისთვისაც, ვინც მუშა ჯგუფში იყო. პატიმრის საკნიდან გაყვანაში მონაწილეობა მეც მიმიღია. ერთხელ კანონიერი ქურდი იყო გასაყვანი - ავტობუსში ორი ადამიანი მოკლა. კანონიერ ქურდს სხვა პატიმრები გულშემატკივრობდნენ და გადაწყდა, ისე ჩუმად გაეყვანათ, რომ სხვა საკნებში არ გაეგოთ. სპეცნაწილის უფროსი ვიყავი, არ მევალებოდა, მაგრამ დახმარება მთხოვეს. ამბობდა, როცა მინდა, მაშინ გამოვალო. წინა დღეებში ვერ გამოიყვანეს. მე გამოვიყვანე; საკნებთან რომ ჩაიარა, ბიჭებს დაუძახა, - როგორ ხართო. სასაკლაოსკენ გასაყვანი კარი ღია იყო. კართან რომ მივიდა, მოულოდნელად ხელი ვკარი და ღია კარში ისე გავაგდე, დაძახებაც ვერ მოასწრო. მერე სხვებმა წაიყვანეს და დახვრიტეს. პატიმარს, რომლის გაყვანას შეიძლებოდა ციხის ბუნტი მოჰყოლოდა, არასამუშაო დღეს, შაბათს ხვრეტდნენ ისე, რომ არავის გაეგო.
- გამიგონია, დახვრეტილების დასაფლავების ადგილი გასაიდუმლოებული იყო.
- მიცვალებულს გაახვევდნენ პლედში და ღამის 12 საათზე მიჰქონდათ დასამარხავად. ამ პროცესს ციხის უფროსი ხელმძღვანელობდა. სასაფლაოსთვის იაღლუჯაზე იყო ადგილი გამოყოფილი. პლედში გახვეულ ცხედარს ქლორს დააყრიდნენ, რომ ჩქარა დაშლილიყო და ისე ფლავდნენ მიწაში. სიკვდილმისჯილი ისე უნდა დამარხულიყო, რომ კვალი არ დარჩენილიყო. შემდეგ ციხის უფროსი ოქმს შეადგენდა, ჩამოწერდა პატიმარს და ეგ იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ატყობინებდნენ ოჯახის წევრებს, რომ განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი. დახვრეტილის დამარხვის უფლება ოჯახს არ ჰქონდა. ფრიდონ ქარცხიას ოჯახი 20 ათას მანეთს იხდიდა, ოღონდ საფლავი გვეჩვენებინა. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, მაგრამ რომც მცოდნოდა, ვერ ვეტყოდი.
- ქალები თუ იყვნენ სიკვდილმისჯილები?
- დიახ, იყვნენ სიკვდილმისჯილი ქალებიც. ძირითადად - მკვლელობისთვის. ქალები კაცებზე სასტიკ დანაშაულებს სჩადიან. ერთხელ ქართველი გოგონები, სამედიცინო ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტები ჩავიდნენ სოხუმში დასასვენებლად. იქ ბიჭები გაიცნეს. ატარეს ამ ბიჭებმა აქეთ-იქით, საღამოს წაიყვანეს სასტუმროში, სასმელში რაღაც ჩაუყარეს, გათიშეს და გააუპატიურეს. მეორე დღეს გოგონებმა არაფერი თქვეს, ბიჭებს საღამოს ისევ შეხვდნენ. ახლა ამათ ჩაუყარეს სასმელში რაღაც, დააძინეს, დაკოდეს კაცები და იქვე დაულაგეს სათესლე ჯირკვლები. მაშინ ორივე მხარე გაასამართლეს: მამაკაცები - გაუპატიურებისთვის, ქალები - სხეულის განზრახ დაზიანებისთვის. ქალი რომ მოიფიქრებს, ისეთს მამაკაცი ვერ მოიფიქრებს.