ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა, – ამ საკითხთამ დაკავშირებით წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე საუბრობს.
„რაც შეეხება წყლის თვისებას, მან სხვა დატვირთვა მიიღო მას შემდეგ, რაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩავიდა წყალში მოსანათლად. მოგეხსენებათ, უფალმა თავმდაბლობით ნათელ იღო იოანე ნათლისმცემლის მიერ, თუმცა მას ეს ნათლობა არ ესაჭიროებოდა, პირიქით, მაცხოვარი კი არ მონათლა იოანემ, არამედ მაცხოვრის წყალში ჩასვლით განიწმინდა და განინათლა ყოველივე ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური. ზუსტად ამ დროს ჩაინერგა წყალში ღვთიური მადლი, რის შედეგადაც ამდენ ხანს ეშმაკებით გავსებული წყალი სრულიად განიწმინდა. ასეთი განწმენდილი წყალი დაედო ზღვარად ძველსა და ახალ აღთქმას და სწორედ ამ წყლით მოხდა ძველი კაცის ბუნების განახლება – პირველქმნილი ადამის ცოდვისგან გამოხსნა.
წყლის კურთხევის ორი ფორმა არსებობს: დიდი და მცირე. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა: ნათლისღებისა (19 იანვარი) და მის წინა დღეს, 18 იანვარს. ხოლო მცირე აიაზმის კურთხევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ დიდი აიაზმის წყალს, რომელიც მრავლდება მისი სხვა წყალში ზემოდან ჩამატებით. ნაკურთხ წყალს აქვს ადამიანის განახლების, ცოდვების მიტევების, ბოროტთა განსხმისა და კურნების ძალა, რაც მან უფლის მადლის ჩანერგვის შემდეგ მიიღო. ეს არის წყლის სულიერი თვისებები. ნაკურთხი წყლის ფიზიკური სტრუქტურაც იცვლება, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია სამეცნიერო კვლევებს და აუხსნელია ნებისმიერი დიდი მეცნიერებისათვის.
ნაკურთხი წყლის მიღებას განსაკუთრებული მორიდება სჭირდება. ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. ნაკურთხი წყალი უნდა მივიღოთ, როგორც წამალი, საკურნებელი და არა როგორც წყურვილის მოსაკლავი. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს, ძილში დაცემის, ან სხვა შებილწვისას. ნაკურთხი წყლით აპკურებდნენ საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს და ა.შ. დღესაც ნაკურთხი წყალი ყველაფერსა და ყველა ადგილს უნდა ვაპკუროთ: ახალ ნაყიდ ნივთებს, საკვებს და სხვ. ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ ადგილზე, ანუ სამლოცველო კუთხეში უნდა ინახებოდეს, სუფთად და კრძალულებით. ქრისტეს ნათლისღებიდან მოყოლებული ნაკურთხი წყალი უამრავ სასწაულს ახდენს. ამის მაგალითი ბევრია… დღესაც შეიძლება ვიხილოთ სასწაული, როდესაც სულიერ თუ ხორციელ ავადმყოფს ასხურებენ ნაკურთხ წყალს და ისინი იკურნებიან. ეს გასაგებიცაა, რადგან ესაა უფლის უდიდესი, ჩვენთვის აუხსნელი საიდუმლო“, – საუბრობს დეკანოზი.