1728589908
ქრისტეშობის მღვიმეში შემორჩენილი ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა
ქრისტეს შობამდე რამდენიმე თვით ადრე, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა (მოგვებს უწოდებდნენ განსწავლულ ადამიანებს, რომლებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ციურ მნათობებს) და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი.
დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს“.
ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა, ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.
ჩუმად, თავისთვის ამობრწყინდა ცაზე, უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი, მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.
გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა: - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ. „ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს: - როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!
წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
შობის მღვიმე
უმეტეს ჩვენგანს, ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს, ჩვენებურ ხის ბაგიან ბოსლად. ეს არასწორი წარმოდგენა, პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცოდინარობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქარული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, რომელსაც თავი შეაფარა ბეთლემში აღწერაზე წასულმა წმინდა ოჯახმა. მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ის ქრისტიანთა სტუმრობის ადგილად იქცა.
იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი და ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა. ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო.
მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ ჰკიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს.
ქრისტეს ბაგა
მღვიმის სამხრეთ ნაწილში ბაგის ეკვდერია. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს. ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, VII საუკუნიდან რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბეთლემში დარჩენილ ბაგის ნაწილს მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარი კიდია. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი - ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.
ქრისტეს შობის ტაძარი
ადრე ქრისტეს შობის ტაძარს, სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს „სიმდაბლის კარი ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. იატაკზე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) დროინდელი მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც, გარდამოცემით, მოგვებმა, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანსაცემად, თავიანთი ცხენები მიაბეს.
ტაძარში, მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან, არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.
ტროპარი: - შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
კონდაკი: - ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.