პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პლეხანოველი მარინა – მარინა გელაშვილი… ქალი, რომელიც ერთ დროს თბილისში განსხვავებული ჩაცმულობითა და ლამაზი ფეხებით სხვა ქალებისგან გამოირჩეოდა.
ზოგი ბოზს, ზოგი ლოთს, ზოგიც გიჟს ეძახდა, მაგრამ დღემდე კოლორიტად შემორჩა ბევრის მეხსიერებას…
ეს გახლავთ მარინას უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც 2011 იანვარში ჩაიწერა. ამ ინტერვიუდან რამდენიმე კვირაში ყველასთვის ცნობილი პლეხანოველი მარინა გარდაიცვალა.
პლეხანოველის სახელით ცნობილი ქალბატონი, ბოლო წლებში სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა.
მისი სურვილი იყო, რომ ხელისუფლებას სამედიცინო პოლისი მიეცა, ფეხზე ემკურნალა და თუნდაც უკანასკნელად, ძველებურად გაეარა… მას ეს ოცნება აუსრულებელი დარჩა.
მარინა გელაშვილი:
– ცუდად ვარ, ძალიან, ჯანმრთელობა აღარ მივარგა, პატრონი არ მყავს.
– ფეხები გაწუხებთ?
– მარილები მაწუხებს, ფულიც არ მაქვს, ანალიზები რომ ავიღო. მარტოხელა ქალი ვარ, ლოგინად რომ ჩავვარდე, ავყროლდები. ეს კასტილებიც და „კალიასკაც“ ხალხმა მაჩუქა.
– დადიანის ქუჩაზე რამდენია ხანია, ზიხართ?
– 17 წელზე მეტი. ფული არ მქონდა და დავჯექი, აქ ჯდომა და მათხოვრობა არ სჯობს? ხალხი მაჭმევს, ხალხი რომ არა, მშიერი მოვკვდებოდი. ისე მტკივა ფეხები მთელი ღამე არ მძინავს. ქურდობა მე არ შემიძლია და ბოზობით ვიღას ვუნდივარ (იცინის) და თან, აღარც შემიძლია… მიაწვდინეთ ხმა უგულავას, ფეხზე წამომაყენოს, მომცეს ერთი-ორი კაპიკი, რომ ანალიზები გავიკეთო და ვიმკურნალო (ტირის)… ცირკთან დგომას მართლა ჯობია მათხოვრობა…
– მარინა, ძირძველი თბილისელი ხართ?
– არა… ადრე ვართ გადმოსახლებულები დასავლეთიდან, თუმცა მე აქ დიდიხანია, თითქმის დაბადებიდან ვცხოვრობ.
– პირველად როდის გიყვარდათ?
– კაი სიყვარული მქონდა, მაგარი ქალი ვიყავი… ერთი შვილი მყავდა, ლიანა დავარქვი, ორი წლის ასაკში ბაღიდან მომპარეს. ჩემს გოგოსთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი მოიპარეს, იმის მერე ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ადრე ერთმა ქალმა მითხრა, მაჩუქეო, მე ვუთხარი, როგორ უნდა გაჩუქო ჩემი შვილი მეთქი… მანამდე კი ჩემი ქმარი გარდაიცვალა, სურამის „პერევალზე“ გადაიჩეხა. კაი ქმარი მყავდა. ამის შემდეგ გავუბედურდი, ტანჯული ცხოვრება მქონდა, შვილო, ბევრი დარდი ვნახე, ახლა ვეუბნები გოგოებს: ნუ აყვებით ამ უბედურ ცხოვრებას, ბევრი ახალგაზრდისთვის ჭიქა წამირთმევია, არ გინდათ, დაგღუპავთ მეთქი. ახლა კიდე, რა დღეში არიან…
– იმის მერე არავინ გყვარებიათ?
– არა, იმის მერე სულ ვგულაობდი (გემრიელად იცინის)…
– თუ წარმოგიდგენიათ, როგორი დედა იქნებოდი, ლიანა რომ გაგეზარდათ?
– კარგი დედა ვიქნებოდი, ჭკვიანი და სულ სახლში ვიჯდებოდი.
– რას ვერ აპატიებდით შვილს?
– პატიოსნად რომ არ ეცხოვრა, მაგას ვერ ვაპატიებდი…
– მარინა, ამჟამად სად ცხოვრობთ?
– აი აქ, პირდაპირ (ხელით მაჩვენებს) სოლოლაკში, დადიანის # 20-ში… გამვლელი მანქანები, შოფრები მეხმარებიან, აბა სხვა ვინ მამცემს ფულს?
– მერე, დღეში რამდენი გამოგდით?
– 5-10 ლარი, მაქსიმუმ 15. იმდენი, რომ პურის ფული მქონდეს, ლოგინი და ჩასაცმელი მაქვს. ეგ არის, რომ ავად ვარ. თავის დროზე იცი რა ლამაზი გოგო ვიყავი?! კაი გრძელი კაბა, კაი ფრანცუსკები მიყვარდა და მეცვა კიდეც. ქუჩაში ყველა მე მიყურებდა, ქალებიც კი მომაჩერდებოდნენ ხოლმე. პურის „ოჩერედი“ რომ იყო, კაცებს გავყრიდი ხოლმე და მოხუც ქალებს ვუშვებდი, აიღეთ პური მეთქი. „შვილო, კაი გოგო ხარო“, – მეფერებოდნენ გახარებულები.
– რომელი სუნამო გიყვართ?
– კაი ფრანგული, კაი სუნი რომ აქვს, მიმზიდველი.
– ახლა თუ გიყვართ ლამაზად ჩაცმა?
– კი, როგორ არა. აბა ახლა რას გვანან, რანაირად დადიან დღევანდელი გოგოები – ჩაჩაჩულული შარვლებით, ძლივს რომ მიათრევენ, თითქოს ჩასვრილები არიანო, ფუ, მასეთი შარვლის ჩაცმას, ჯობს, საერთოდ არ ჩაიცვან. ზოგიერთს კი იმხელა უკანალი აქვს და ისეთი ვიწრო შარვლები აცვიათ, გეგონება, ზედ ასკდებათო, აბა, მაგათ პატრონი ყავთ, ასე რომ უშვებენ ქუჩაში?
– მარინა ქალებს ვერ იტანდაო, მართალია?
– როგორ არა, ვიტანდი. მხოლოდ, ვინც ადამიანი იყო, იმას, ვინც ადამიანი არა, ახლაც ვერ ვიტან, კაი გოგო რატო არ უნდა მყვარებოდა, ენაცვალოთ ჩემი თავი. აი, მაგალითად, შენნაირები…
– მეგობრები თუ გყავთ?
– არა.
(ამასობაში მანქანამ ჩამოიარა, 20 თეთრი მაიტა, ბიჭოო, დაუძახა მარინამ. იმან არ მისცა და მარინამაც თავისებურად მიალანძღა. ასე რომ მეგობრების თემა მხოლოდ ერთი სიტყვით ამომიწურა).
– მარინა, ახლა თუ გიყვარს ვინმე?
– არა, დიდი ხანია, კაცის სითბო აღარ მახსოვს, არც მოფერება, ეგაა რა, რაც მოვასწარი, მოვასწარი, მეტი არაფერი შემრჩა. ახლა მარტო ვარ და დავტირი ჩემს ფეხებს. (იღიმება)…
– თუ ნანობთ რაიმეს განვლილი ცხოვრებიდან?
– ვნანობ, როგორ არა. მეც უნდა მყოლოდა ქმარი, შვილები, შვილიშვილები, ახლა კი სულ მარტო ვარ. არაფერი აღარ დარჩა ჩემთვის, ჩემი ქმარი კარგი იყო თუ გლახა, ჩემთვის მაინც ტკბილი ყოფილა…
– ეკლესიაში თუ დადიოდით?
– კი, ხან სად დავდიოდი, ხან სად. ერთი პერიოდი, მოძღვარიც მყავდა, ერთხელ პატარა ბატკანიც მყავს მიყვანილი და შეწირული…
– როგორც ქალს, რაზე გწყდებათ გული?
– რაზე იცი? ცუდი სიბერე მაქვს, ერთი ჩემებურად ვეღარ უნდა გავიარო ფეხზე? ნეტა გამატარა და მერე, თუ გინდა მოვკვდე (ტირის)…
– ჩვენი ქალაქის კოლორიტად თუ თვლით თავს?
– კი, აბა, შენი აზრით, არ ვარ?! მაგრამ ვინ რას მიკეთებს?…
– რომელიმე კოლორიტს თუ იცნობდით?
– ჯიგარო ოთარა, ნიაზ დიასამიძე, ოთარა მომღერალი (ოთარ რამიშვილი)… რესტორანში რომ შევიდოდით, ნიაზას ძაღლს თათში ჩანგალს დავაჭერინებდით, თუ ვინმე რამეს გვეტყოდა, ძაღლი უყეფდა.
– კიკას თუ იცნობდით?
– კიკას კი, ცოლი მინდა, ცოლიო – რომ გაიძახოდა, აქ ვარ-თქო, დავიძახებდი, შენ არაო, მეტყოდა, გული მტკივა, გული, გულიო – წავიდოდა „სკორი პომოშს“ დაუძახებდა, მერე ისევ გული, გულიო და, დღეში 10 „სკორი პომოშს“ იძახებდა.
– სასმელებიდან ყველაზე მეტად რა გიყვართ?
– ღვინო. 10 ბოთლს ვსვამდი დღეში, შამპანურსაც ვსვამდი, როცა ნაღდი იყო.
– ახლა აღარ სვამთ?
– არა, ახლა უკვე ვეღარ… წავიდა ჩემი დრო… ზოგი დაჭერილია, ზოგი მკვდარია, ვინღა არის? ვინც არის და ახლა თვითონ მხოვენ 20-30 თეთრს დასალევად, ჩემსავით მათხოვრებს რომ ვაძლევ ფულს, მერე უფრო მეტს ვშოულობ…მე ხალხი მაჭმევს, მე ხალხს ვაჭმევ, ხალხი მიყვარს, ხალხს მე ვუყვარვარ, მაგრამ ის დრო ჯობდა, პურ-მარილი რომ იყო გაშლილი რუსთაველზე, ცოლ-ქმარი „პოდრუჩკით“ რომ მოდიოდა კაი შეყვარებულებივით. მეც ვშლიდი სუფრას, რუსთაველის მეტროსთან ვქეიფობდი სულ, მილიციონერი მოდიოდა: რა გინდა, რას ვაშავებ, უნდა ვიქეიფო-მეთქი, ვეუბნებოდი…
– ქუჩაში ხალხს აგინებსო, მარინა, მართალია?
– არა, ხალხს ვენაცვალე, ეგენი მაცოცხლებენ, უმაგათოდ ერთი დღე ნუ მაცოცხლა ღმერთმა.. ერთმა ჟურნალისტმა კი გამაბრაზა: ვიღაც იყო ჩემთან ინტერვიუზე, სურათების გადამიღო, ტყუილად მალაპარაკა, არ დაბეჭდეს…
ეს სახლი მე ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე რომ იყო, ცხონებულმა ნინა ჟვანიამ მაჩუქა. მანამდე პლეხანოვზე ვცხოვრობდი, ბიჭი ევიყვანე შვილად, მორფინისტი გამამადგა, სახლი გამიყიდა და ქუჩაში დამტოვა.
მეე ნინა ჟვანიამ ეს სახლი მომცა, რომ გარდაიცვალა, დიდი „ვენოკი“ მივუტანე, მერე მაგისი შვილიც დამეხმარა, – ერთ ოთახს მართმევდნენ, ორი ოთახია და პატარა „კუხნა“, მივედი ნინას ბიჭთან და დახმარება ვთხოვე, მეორე დღეს მოვიდა და ეს ოთახი მომცა. ვენაცვალე მაგათ.
– სმა რატომ დაიწყეთ?
– ნერვიულობაზე.
– გიჟს რატომ გეძახდნენ?
– მე მართლა გიჟი კი არ ვიყავი, ავუფრენდი ხოლმე, ნუ მომჩერებიხართ, წადით, წადით ნუ მიყურებთ-მეთქი… მე თუ შევცდი, ჩემს გზაზე არავინ წამიყვანია, კაცი მილიციაში არ ჩამიშვია და კაცი ვენდისპანსერში არ გამიშვია. მაგიტო ვუყვარდი ყველას… აბა ის არის კარგი, შაბათობით ტელევიზორიდან ვიღაც გოგო რომ აბოზებს ხალხს და ცალკე კიდე, ჟურნალ-გაზეთებში ტიტველი ქალები და კაცები რომ იბეჭდებიან, ჰა?
– მსმენია, მარინას ქმარმა უღალატა და ამიტომ ვერ იტანდაო ქალებს…
– ტყუილია. იმ ქალებს ვერ ვიტან, ვისაც ქმარი ყავს და სხვა კაცთან დადის, მე რომ ქმარი მყოლოდა, სხვასთან არ წავიდოდი. მაგიტომ მარტოხელა ლამაზი ქალი ვიყავი და კაცებმაც არ გამაჩერეს…
– ძილის წინ რაზე ოცნებობთ?
– ღმერთო, მშვიდობიანად გამათენებინე, კარგად მამყოფე, ყველას უშველე და მერე მე მიშველე, ეს ფეხი არ მტკოიდეს და გავიარო-თქო.
– რამდენიმე წლით უკან რომ დაბრინდეს თქვენი ცხოვრება, რას შეცვლიდით?
– პატიოსნად გავთხოვდებოდი, შვილებს ვიყოლიებდი.
– ნანობთ განვლილ ცხოვრებას?
– ვნანობ, ამ ქვეყნად არაფერი აღარ დამრჩა…
ავტორი: ეკა მაზიაშვილი