„.. მორგიდან ადამიანის სხეულის ნაწილებს იპარავდა და ყიდდა"- ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლის საიდუმლო გამჟღავნდა

მორგი

ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი სასწავლებლის მორგიდან ადამიანის სხეულის ნაწილებს იპარავდა და ყიდდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

57 წლის სედრიკ ლოჯი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მორგის მენეჯერი იყო. ის მორგიდან 5 წლის განმავლობაში „თავის ქალებს, ტვინს, ძვლებს და სხვა ნაწილებს იპარავდა, შემდეგ კი ყიდდა". 

პენსილვანიის შუა ოლქის პროკურატურის ოფისის ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ,  ორგანოების გაგზავნისთვის, ლოჯის მეუღლეს 3 წლის განმავლობაში 37,355.16$-ი გადაურიცხა.

ფედერალური პროკურორების თქმით, სხეულის ყველა ნაწილი იმ პირთა ცხედრებიდან იყო აღებული, რომლებმაც გარდაცვალების შემდეგ თავიანთი ცხედრები ჰარვარდს შესწირეს.

„ადამიანის სხეულის ნაწილების მოპარვა და გაყიდვა - ადამიანურ არსს ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქმე იმ პირთა სხეულებს ეხება, რომლებმაც  გადაწყვიტეს თავიანთი ცხედრები სამედიცინო პროფესიონალების განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებულიყო",- განაცხადა პროკურორმა ჯერარდ მ. კარამმა.