1728156496
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.
უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი – წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში.
ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინდე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.
წმინდა დიმიტრი როსტოველის “წმინდანთა ცხოვრების” მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უგროვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.
საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.
1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე.
მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.
ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს.
ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.
1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე – იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.
თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ – შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.
1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.