„ჩემმა შვილმა რძალი დამიტოვა და თვითონ სხვა ქალთან წავიდა“ - დედის ემოციური ამბავი

სევდიანი ქალი

„კარი შევაღე. დავინახე, რომ ჩემი რძალი ტიროდა, ლოყა გაწითლებული ჰქონდა და ატირებულ და შეშინებულ ბავშვს გულში იხუტებდა. მივხვდი, რომ ჩემმა შვილმა ხელი გაარტყა და ამას ნამდვილად ვერ მოვითმენდი. მივვარდი და ამხელა კაცს ცემა დავუწყე“,- ამ ამბავს ჰყვება ქალი, რომელსაც საკუთარმა შვილმა ცოლი სახლში დაუტოვა. თავად კი სხვა ქალთან წავიდა.

ნაზი 56 წლისაა და თავის ამბავს გულახდილად ჟურნალის მკითხველს უყვება.

„არასოდეს ვყოფილვარ მკაცრი დედა და ჩემი შვილები არც არაფერში შემიზღუდია. გოგონა რომ გათხოვდა, ბიჭმაც მალევე მოიყვანა ცოლი და დედამთილი გავხდი. სიმართლე გითხრათ, არასოდეს შემიხედავს ჩემი შვილის ცოლისთვის, უცხოსავით, შვილივით მყავდა.

როგორც მსურდა ჩემს გოგონას მოქცეოდნენ მის ახალ ოჯახში, ისე ვექცეოდი რძალს. ვცდილობდი, მაქსიმალურად ამერიდებინა სახლის საქმეები, მეგობრებთანაც წასულიყო გასართობად და ქმართანაც გაეტარებინა დრო. თავიდან ჩემი ბიჭი არ აკლებდა ყურადღებას, მაგრამ ბავშვი რომ გაუჩნდათ და ჩემი რძალი მასზე გადაერთო, თითქოს მათ შორის სიყვარული განელდა. დედა ვარ და ამას ვერ გამომაპარებდნენ. 

ვცდილობდი, ბავშვთან მე გამეტარებინა დიდი დრო, მაგრამ დედამისზე იყო მიწებებული და თუ მასთან ახლოს არ იყო, ტიროდა. ამას მოჰყვა ის, რომ ბოლო პერიოდში ჩემი შვილი სახლში გვიან ბრუნდებოდა, მერე რამდენიმე დღით, როგორც ამბობდა მეგობრის აგარაკზე დარჩენებს მოუხშირა. არ ვერეოდი ახალგაზრდების ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს შვილს ხშირად ვეუბნებოდი: დედიკო, არ მომწონს შენი დამოკიდებულება ამ გოგოს მიმართ, ხომ იცი, როგორ მიყვარს და ვერ ავიტან, გული რომ ატკინო-მეთქი. მეუბნებოდა, გეჩვენებაო, მაგრამ ხომ ვხედავდი, როგორც იქცეოდა.

ერთ დღესაც მათი ოთახიდან ხმამაღალი კამათი გავიგონე, დიდხანს ვიკავებდი თავს, არ შევსულიყავი და ბოლოს, სიტუაცია რომ ძალიან დაიძაბა, კარი შევაღე. დავინახე, რომ ჩემი რძალი ტიროდა, ლოყა გაწითლებული ჰქონდა და ატირებულ და შეშინებულ ბავშვს გულში იხუტებდა. მივხვდი, რომ ჩემმა შვილმა ხელი გაარტყა და ამას ნამდვილად ვერ მოვითმენდი. მივვარდი და ამხელა კაცს ცემა დავუწყე. ბავშვობაში არ მიცემია, მაგრამ ამას როგორ ავიტანდი და? როგორც გავარკვიე, ტელეფონზე ვიღაც გოგოს დაურეკავს, ჩემს შვილს დაუწყია ჩაცმა და რომ მიხვდა ჩემი რძალი, სადღაც აპირებდა წასვლას, უკითხავს: გოგოს ხმა მომესმა ტელეფონიდან და ასე გვიან ვისთან მიდიხარ, ვინ არისო. ამაზე აჰყოლიან ერთმანეთს და ჩემს შვილს სახეში გაურტყამს ხელი. იმ საღამოს რომ გავიდა სახლიდან და კარი გაიჯახუნა, სამი დღე, არც დაურეკავს და არც მოსულა.

რასაკვირველია, არც მე მომიკითხავს. ისე არ გამიზრდია, ეს რომ ეკადრებინა თავისი ცოლისთვის და შვილის დედისთვის. ჩემს რძალს ვაწყნარებდი და ვეუბნებოდი: არ შეგეშინდეს, მე შენ გვერდით ვარ, როგორც შენ გადაწყვეტ, ისე დაგიდგები გვერდით, ერთი წუთით არ დაგტოვებ მარტო-მეთქი. ვიცი, მას თავისი ქმარი უნდოდა გვერდით და არა მე, მაგრამ მეტი რა მეთქვა? როგორ დამემშვიდებინა? ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ბიჭი დღეს იმ გოგოსთან ცხოვრობს, მასთან ამჯობინა ყოფნა დედის, ცოლის და შვილის გვერდით ცხოვრებას და ნამდვილად არასოდეს დავუჭერ მხარს მის ასეთ გადაწყვეტილებას.

ჩემი რძალი და შვილიშვილი კი ჩემთან ცხოვრობენ. თვალებში შევციცინებთ ერთმანეთს და ვცდილობთ, არ ვაგრძნობინოთ ის ტკივილი და სირცხვილი, რასაც განვიცდით. ერთხელ, ისიც კი ვუთხარი: შვილო, ახალგაზრდა ხარ, შენი მომავალი ცხოვრება შენი გადასაწყვეტია და თუ გადაწყვეთ სხვა მამაკაცს დაუკავშირო ბედი, შემიძლია, ამაშიც შეგიწყო ხელი, ბავშვს მე დავიტოვებ და შენ იყავი ბედნიერი, ვის გვერდითაც თავს კარგად იგრძნობ-მეთქი. არ დამავიწყდება, გამოიქცა, ჩამეხუტა და ატირდა: არასდეს წავალ შენგან, შენ ჩემი ნამდვილი დედიკო და მეგოაბრი ხარო. მართალია, ჩემი შვილია და მიყვარს, მაგრამ ჩემს რძალს არასოდეს დავაჩაგრინებ. მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, იყოს ბედნიერი, თუნდაც სხვა კაცის გვერდით. არ ვარ ის ქალი, რამეში შევზღუდო, ისედაც საკმარისი ტკივილი განიცადა. ვხვდები, ისევ უყვარს ჩემი შვილი, ის კი სხვა ქალთან ისე ცხოვრობს, ვითომც ეს ადამიანი მის ცხოვრებაში არც კი ყოფილა. შვილს იშვიათად ნახულობს, ისიც ძმაკაცს გამოაგზავნის და იმას ჩაჰყავს ეზოში, რომ შეხვდეს და ნახოს. ჩემი აზრით, ეს მამობა არ არის.

ბავშვს მისგან მეტი სითბო და სიყვარული სჭირდება. ჩემი გოგოც გაბრაზებულია თავის ძმაზე და ცდილობს, ჩემს რძალთან ერთად ხშირად იყოს. ხან კინოში ეპატიჟება, ხან – ყავის დასალევად, ხან ქალაქგარეთ გადიან, სუფთა ჰაერზე. მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერში ვარ დამნაშავე და პირიქით, რძლის მხარეს ვარ, მაინც უხერხულობას ვგრძნობ. მრცხვენია მისი, რომ ჩემმა შვილმა ასე მიატოვა ბავშვით ხელში და სხვა გოგოში გაცვალა. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, მაგრამ ერთი ვიცი, ჩემს შვილს ამ საქციელს არასოდეს ვაპატიებ, ჩემს რძალს კი ბედნიერებაში ყოველთვის ხელს შევუწყობ“,- ამბობს ნაზი.

ასევე წაიკითხეთ:

„დიდი მნიშვნელობა აქვს, ქალ არტისტს როგორი მეუღლე უდგას გვერდით“ - რას ამბობს სოფო ბედია მეუღლეზე

ტელეფონებში თავჩარგულ ბავშვებს ვხედავ და მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში… - ზურა შევარდნაძე

"დედა არ მიყვარს, მასთან მოსულმა კაცმა გამაუპატიურა..." - ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორია