„ჩემი მეუღლე ღამღამობით დგებოდა და მიიპარებოდა...“ - განქორწინების პროცესზე მხილებული ცოლი და ბრალდება, რომელმაც დარბაზი გაამხიარულა

მოსამართლე

სტატიის რესპონდენტი ადვოკატი, 20 წელზე მეტია ადვოკატად მუშაობს და ბევრი საინტერესო საქმე განუხილავს. მკვლელიც დაუცავს და მეუღლეებს შორის საოჯახო დავაშიც ჩარეულა.

ახალგაზრდა, ენერგიული ქალბატონი დატვირთული რეჟიმის და თეთრად გათენებული ღამეების მიუხედავად, ბედნიერია, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა უწევს. ამბობს, რომ ეს მისი მოწოდებაა და არჩეული პროფესიით კმაყოფილია. ჟურნალისტებთან ურთიერთობა დიდად არ უყვარს, მაგრამ უწევს, რადგან ხშირად ხმაურიან საქმეებში ბრალდებულებს იცავს. როგორც ყველა ქუთაისელს, მასაც იუმორის საოცარი გრძნობა აქვს...

21 წლის ასაკში ქუთაისში თავისი საადვოკატო ფირმა გახსნა და ამ სფეროში თავის დამკვიდრებაც შეძლო. იურისტმა მოგვიანებით სწავლა მოსკოვში გააგრძელა და იქ დიპლომატიის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, თუმცა მაინც ადვოკატობამ გადაწონა და ამ გზას გაჰყვა. ადვოკატობის პარალელურად, სეუ-ში ლექციებს კითხულობს და ამ ამპლუაშიც თავს კარგად გრძნობს.

- საგამოძიებო სფერო სულ მიზიდავდა, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ადამიანის უფლებების დაცვისკენ "გადავიხარე" და ადვოკატობა ვარჩიე. ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. ყველაფერი იმდენად მიმაქვს გულთან, ხშირად ეს ჩემს ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ვფიქრობ, რომ არა ეს თვისება, შესაძლოა, ჩემგან ადვოკატი არ დამდგარიყო. თავიდან გამოუცდელობას ვაბრალებდი ამ ყველაფერს, მაგრამ 20 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ და დღემდე, თითოეულ საქმეზე ვნერვიულობ. თავიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში ვიყავი ჩართული, მერე სისხლის სამართალშიც მოვსინჯე ძალა. ჯერ ახლობელი ადამიანების დახმარება დავიწყე და ისე გამიტაცა, 10 წელზე მეტია, სისხლის სამართლის საქმეების კუთხითაც აქტიურად ვმუშაობ. მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებიც ბევრჯერ დამიცავს, მაგრამ როცა არაძალადობრივ დანაშაულზე, ფინანსურ დანაშაულებზე ვმუშაობ, უფრო მომწონს. ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა საქმეს იგებ და შენი შრომის შედეგს ხედავ. 

- მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი გაქვთ...

- ასეა. პროცესზე რა მოხდება, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია... ზოგჯერ შექმნილ სიტუაციას კარგ ხასიათზეც მოვყავართ. 70 წელს გადაცილებული მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და განქორწინების საქმე იხილება. მე ქალს ვიცავ. რამდენჯერმე დაიძაბა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა. მთელი პროცესის განმავლობაში მამაკაცი ქალს ასე აჩუმებდა, - "ახლა გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარ". ქალი პასუხობდა, - "კარგი, არ თქვა". იმდენჯერ თქვა ეს ფრაზა მამაკაცმა, რომ ყველა დავინტრიგდით. როცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, მოსამართლემ ვეღარ მოითმინა და უთხრა, ერთი გვითხარი, მეუღლეს რა საიდუმლოს უნახავო.

გარკვეულწილად ჩვენი ბრალიც იყო, მამაკაცმა ეს საიდუმლო რომ გაამხილა. მიხვდა, ნამდვილად აგებდა პროცესს და მოსამართლის კითხვამაც შეაგულიანა, თითქოს რევანში აიღო და თქვა, - იცით, მოსამართლე, რას აკეთებდა ჩემი მეუღლე? ღამღამობით დგებოდა და სახლის უკან მიიპარებოდაო. უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გვგონია, ცოლს ღალატში ამხელს. პაუზის მერე განაგრძო, - ეს ქალი იქ სიგარეტს ეწეოდაო.

ქალბატონმაც საკმაოდ დაიმორცხვა, დარბაზში კი ისეთი სიცილი ატყდა, ერთმანეთს ორივე გაოცებული უყურებდა... საბოლოოდ მაინც განქორწინდნენ. შესარიგებლად ვადა მაინც მისცა მოსამართლემ, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილი ჰქონდათ.

ყველა საქმე თავისთავად რთულია. სისხლის სამართლის საქმეების დროს ადვოკატი არჩევს დაცვის ტაქტიკას და ამის მიხედვით მიჰყავს პროცესი. თუმცა შეიძლება, უცებ ისე აირიოს სიტუაცია სასამართლო დარბაზში, რომ შენმა დასაცავმა შენთან შეუთანხმებლად ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. წყარო ჟურნალი „გზა“