„24 თებერვლისთვის, თბილისის დატოვებისას, ქალაქში მხოლოდ სამი მატარებელი იყო დარჩენილი...“ - მასალები არქივიდან

ოკუპაცია

„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“ - ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებს, როცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწყვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ. 

​ქართულმა ჯარმა თბილისი მართლაც მოულოდნელად დატოვა 24-25 თებერვლის სუსხიან ღამეს. მანამდე თბილისის დამცველებმა მოიგერიეს წითელი არმიის ორი იერიში და 23 თებერვლისთვის მტერი თბილისის მისადგომებიდან უკუაქციეს. სოღანლუღთან ბრძოლაში მოკლეს 530 და ტყვედ აიყვანეს 1600 მტრის ჯარისკაცი, შესაბამისად, საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იყო როგორც სამხედრო ნაწილებში, ასევე საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს 25 თებერვალს გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებული ოპტიმისტური სტატიები, ცნობები მობილიზაციისა და სასწავლო სროლების გაგრძელების შესახებ.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ ცხადდება, რომ ახლად გაწვეულ ჯარისკაცთა შესასწავლად სანიმუშო სროლა ქ. ტფილისში გაგრძელდება 25, 26 თებერვალს“ - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.

„რაც უნახავთ, ვერ ნახავენ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ“ ცნობა მტრის „ჰაეროპლანის“ მიერ თბილისში ყუმბარების ჩამოყრის შესახებ.

„ხმელეთზე ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ვერ გამოიწვიეს აჯანყება. დამარცხებულები მაღლა აფრინდნენ და ზემოდან მშვიდობიან ხალხს დაუშინეს. ეს არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ნაბიჯი- ამით უნდათ გვითხრან - დაგვნებდით, ბრძოლას თავი დაანებეთ, მაინც ვერ გაგვიძლებთ დიდხანსო, მაგრამ თბილისი არ შეკრთა. არ ეშინია მსხვერპლის არც ფრონტზე და არც მშვიდობიან ქუჩებში. საქართველოს დედაქალაქი არ კარგავს იმ სიდინჯეს, რომელსაც მოითხოვს მისგან დღევანდელი დღე. დამოუკიდებლობის დაცვა საქართველოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მისი ნებით ბოლშევიკები ვერ შემოვლენ აქ. ქართველ ხალხს აქვს ისეთი სიმაგრე, რომელსაც ისინი ვერ მოერევიან ვერც ზარბაზნებით და ვერც ჰაეროპლანებით. ეს სიმაგრე მისი მკერდი, მისი სულიერი განწყობილებაა“, - წერდა „ერთობა“.

„თბილისის პოზიციებზე დამარცხებულ მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე რაზმმა, გუშინ საღამოს აიღო სოფელი კუმისი და წალასკური. კუმისთან ღამის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 8 ტყვიისმფრქველი, 3 ოფიცერი და 53 წითელარმიელი“, - ამგვარი შინაარსის ცნობა გაავრცელა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

საბრძოლო წარმატებებისა და მაღალი საბრძოლო სულისკვეთების მიუხედავად, საქართველოს მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაინც მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება.

რა იყო ამის მიზეზი?

გიორგი კვინიტაძე მოგონებების წიგნში წერს, რომ 24 თებერვალს დღის სამ საათზე მიიღო ცნობა, რომ წითელი ცხენოსნები გამოჩნდნენ ზურგში, ავჭალაში და, რომ მათ დაიკავეს მიმდებარე სოფლები.

„ცხადია, ეს ის ცხენოსნები იყვნენ, რომლებმაც გვერდი აუარეს პოლკ. გედევანიშვილის ფლანგს. შესაბამისად, მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ჩვენს ზურგში და ხელში ჩაიგდო უკან დასახევად საჭირო რკინიგზის კვანძი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუყოვნებლივ არ გამოიყვანა მწყობრიდან რკინიგზის ხაზი, ხელში არ ჩაიგდო სადგური, ტელეგრაფი და ა.შ. და ამგვარად, რატომ არ გაწყვიტა ჩვენი კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ყველაფერი ეს შეეძლო მტერს და ჩვენ ხელს ვერ შევუშლიდით. საჭირო იყო დაუყოვნებლივ მოქმედება“, - წერს გიორგი კვინიტაძე, რომლის თქმითაც, ერთი დღით ადრე მტერი ასევე გამოჩნდა ნახშირგორასთან, საიდანაც თავისუფლად შეეძლო სოფელ დიღომის დაკავება, რაც ავჭალის აღების გათვალისწინებით, თბილისის სრულ ალყაში მოქცევას, მთელი ჯარისა და მთავრობის აპარატის დაღუპვას გამოიწვევდა.

„ეს ნიშნავდა ომის დასრულებას!“ - შენიშნავს გიორგი კვინიტაძე.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ კვინიტაძის სიფრთხილე უსაფუძვლო არ იყო.

„მარცხენა ფლანგს უვლიდა წითელი არმიის ორი დივიზია. ამ ორ დივიზიაში 3-4 ათასამდე ცხენოსანი შედიოდა. თან რუსული ცხენოსანი დივიზიის სტრუქტურაში შედიოდნენ არა მხოლოდ ცხენოსნები, არამედ არტილერისტებიც. მარჯვენა მხრიდან გვივლიდა ერთი ცხენოსანი პოლკი და ერთი ბრიგადა, მთლიანობაში ორივე მხრიდან 4-5 ათასი ცხენოსანი გვაქცევდა ალყაში. კვინიტაძის ეს გადაწყვეტილება სადავო იყო, არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული ძალები აპირებდნენ თბილისის ალყაში მოქცევას. 24-ში მხოლოდ მცდელობა ჰქონდათ და მცირე ძალებით მოგვისინჯეს კბილი, თუ რამდენად გვქონდა დაცული და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ადგილებში ცხენოსანი ჯარის გავლა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს - თბილისის დაცვის ცენტრალური სექტორის სარდალს, რომლისთვისაც გამაოგნებელი მოულოდნელობა აღმოჩნდა 24 თებერვალს, 23.23 სთ-ზე ტელეფონით მიღებული მთავარსარდლის ბრძანება ტფილისიდან მცხეთაში უკან დახევის შესახებ.

„ყველაზე მეტად ერთი გარემოება მაოცებდა: ტფილისის დაცვა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არც კი ინებეს“, - წერს გიორგი მაზნიაშვილი მოგონებებში.

„24 თებერვლისთვის, თბილისის დატოვებისას, ქალაქში მხოლოდ სამი მატარებელი იყო დარჩენილი: დამფუძნებელი კრების, მთავრობის და მთავარსარდლის. სხვა ყველა უწყება ევაკუირებული იყო ქუთაისში“, - იხსენებს გიორგი კვინიტაძე და არც თუ სიამაყის გარეშე შენიშნავს, რომ მტრისთვის ერთი შაშხანაც კი არ დაუტოვებია.

წყარო: რადიო თავისუფლება