პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წლების წინ, ,,სარკეში” დაიბეჭდა ყოფილი შს მინისტრის, რომან გვენცაძის, ინტერვიუ, რომელიც დეტექტივივით იკითხება.
რომან გვენცაძე 25 წელიწადი შსს-ს ორგანოებში მუშაობდა, თითქმის ყველა საფეხური გაიარა და ბევრი ფათერაკი გადაიტანა.
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს, სადაც ჩვენი ქვეყნის წარსულიდან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ პოლიციელისგან, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა.
რომან გვენცაძე: ეჭვმიტანილის აყვანის ოპერაციის დაგეგმვამდე, ყველაფერი დეტალურად გათვლილი იყო. მსხვერპლი არც ერთი მხრიდან არ უნდა ყოფილიყო. ამ დროს მკვლელობა ან დაჭრა თუ მოხდებოდა, პროკურატურა დაგიბარებდა და, თუ თავს ვერ გაიმართლებდი, დაისჯებოდი. ეს პროცესი უფრო გათვლილი, მოზომილი უნდა იყოს. ძალოვანი ვალდებულია, ეჭვმიტანილი ცოცხლად აიყვანოს, ამისთვის თავი უნდა გაწირო.
ვერ დავიჯერებ, რომ მინისტრი ლიკვიდაციას უკვეთდეს, ასეთ წვრილ საქმეებში მინისტრი არც ერეოდა.
– მაგრამ მოგვისმენია არა მარტო მინისტრის, პრეზიდენტის მოწოდებაც, ადგილზე მოხდეს დამნაშავეების ლიკვიდაციაო.
– ლიკვიდაცია მაშინაც იყო, მაგრამ იშვიათად. სამეგრელოში მოგვიკლეს და დაგვიწვეს თანამშრომლები. მაშინ ქუთაისში განცხადება გავაკეთე, ჩვენ მათზე შურს ვიძიებთ-მეთქი. მინისტრს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს, მაგრამ ადამიანი ხარ და, როცა ამდენ ადამიანს მოგიკლავენ, შენც შეიძლება თქვა რაღაც.
უმიზეზოდ ლიკვიდაციის უფლება არავის აქვს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა შემსრულებელი სათანადოდ მომზადებული არ არის და დამნაშავე სროლას დაასწრებს. ჩემთვისაც ბევრჯერ უსვრიათ, მაგრამ თუ ის ისროდა, ყოველთვის ვაცლიდი.
ოპერატიულმა მუშაკმა ტყუილად არ უნდა მოკლა ადამიანი, რადგან მან შეიძლება ბევრი საიდუმლოება ამოხსნას. თუ მოკლავ, საქმეები განზე დაგრჩება. ვინც უნდა იყოს ის, თუნდ ცხრა კაცის მკვლელი, ცოცხლად უნდა აიყვანო. ადამიანი ღმერთმა გააჩინა და არავის აქვს უფლება, სიცოცხლე წაართვას. ბევრჯერ მომისმენია, ის მკვლელიაო, ამიტომ შენ, სახელმწიფომ, შური უნდა იძიო?! მუდმივი პატიმრობა სიკვდილზე დიდი ტანჯვაა.
– თქვენი პოლიციური წარსულიდან ალბათ უამრავი ,,მძაფრი სიუჟეტის” გახსენება შეიძლება. რომელს გამოარჩევდით?
– ერთხელ ყაჩაღური თავდასხმა ,,ინტურისტის” დირექტორ ჩიბურდანიძეზე მოხდა. ის სააბაზანოში ჩაკეტეს და შემოაკვდათ. ბინიდან სხვადასხვა ნივთი წაიღეს. მაშინ რიგითი თანამშრომელი ვიყავი და ამ დანაშაულზე მუშაობა დამავალეს. კვალიც იყო – როცა მანქანაში ნაძარცვ ნივთებს აწყობდნენ, მეზობელმა დაინახა და ერთის აღნაგობა აღწერა.
საბოლოოდ დამნაშავეებს მივადექით, ასაყვანი დაგვრჩა ერთი პირი, ქურდული ტრადიციების მიმდევარი. კვალმა პიატიგორსკში ჩაგვიყვანა, მოპარული ნივთები იქ იყო გაყიდული. ქურდი იმ სახლში უნდა მისულიყო, სადაც ნივთები ჰქონდა მიტანილი. ჩავუსაფრდით გარეთ, მის მოსვლას ველოდებოდით. როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა და სახლში არ შევიდა, გაიქცა. გამოვეკიდეთ. სიმართლე გითხრათ, ბედიც სწყალობდა და ინტუიციითაც.
ორმხრივი სროლები ატყდა, მას არ უნდოდა ცოცხლად ჩაბარება და ბოლო ტყვია თვითონ დაიხალა. დაჭრილი ხელში ავიყვანე და თითქმის ერთი კილომეტრი ვატარე, შემდეგ საავადმყოფოში მივიყვანეთ, სისხლისგან იცლებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გადავუსხი.
მაშინ ჩემმა უფროსმა მკითხა, რატომ არ მოკალიო. პატარა ბიჭი ვიყავი და ასე ვუპასუხე, ისეთი ლამაზი ბიჭი იყო, შემეცოდა და ვერ მოვკალი-მეთქი. არადა თავისუფლად შემეძლო, მომეკლა. მან მარტო ის დანაშაული აღიარა, მაგრამ ამ გზით წრე ბოლომდე შეიკრა და დანაშაული ბოლომდე გაიხსნა. 15 წელი მიუსაჯეს.
– როგორ მიიღო კანონიერმა ქურდმა, როცა გაიგო, რომ მილიციელის სისხლი ჰქონდა გადასხმული?
– ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმ მომენტში, მომაკვდავი კაცი იყო.
– თუ არის ისეთი დანაშაული, რომელიც ბოლომდე ვერ გახსენით და დღეს სინანული არ გასვენებთ?
– ძალიან განვიცდი მარიამ გოგინაშვილის საქმეს. ის ჩემი ნათლული იყო. მამამისს ვერც ვურეკავ. სულ იმაზე ვფიქრობ, იმ დროს, პოლიციაში რატომ არ ვმუშაობდი…
ჩემი მუშაობის პერიოდში ორი მკვლელობა გაუხსნელი დამრჩა და იმ საქმეებზეც გული მტკივა. თემქაზე, 12 წლის გოგონა ხევში მოკლული ვიპოვეთ, სულ თაგვებისგან იყო შეჭმული. დიდუბეში, სადარბაზოში, გვამი ვნახეთ, თავიდან ტვინი სულ გამოდენილი ჰქონდა. იმიტაცია იყო, თითქოს ზემოდან გადმოხტა, მაგრამ ეს გვამი მოტანილი იყო.
ასევე ნახეთ:
“ფაქტი დადოს ყველამ…” - სალომე უშხვანი მიმოწერის სქრინებს აქვეყნებს